5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

რა შემთხვევაში შეუჩერდებათ კომპანიებს რეგისტრაცია

სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა არ გადაიწევა – 2026 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა მოხდეს ყველა სუბიექტის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მეწარმე სუბიექტებს დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად დიდი დრო ჰქონდათ და შესაბამისი პროცედურების გავლა დარჩენილ ვადაშიც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სალიას თქმით, 20 მარტამდე სერვისის მიღება მათ ნახევარ ფასად შეუძლიათ. პაატა სალიამ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რომელ საწარმოებს ეხებათ აღნიშნული ვალდებულება:

„ეს ეხება ყველა იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც რეგისტრირებულია 2022 წლის 1-ელ იანვრამდე, გარდა არაკომერციული იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისა. მოვუწოდებ ყველას, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, რათა სუბიექტებს არ შეექმნათ პრობლემები, რასაც ითვალისწინებს კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობა”.

მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც იუსტიციის სახლებში, ისე საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან, ასევე, ელექტრონულად პორტალ my.gov.ge-ზე.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრო ბიზნესსუბიექტებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის სარეგისტრაციო პროცედურის გავლას შეღავათიანი პირობებით სთავაზობს.

უფრო კონკრეტულად, 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში განახევრებულ ფასად (200 ლარის ნაცვლად 100 ლარად) მოიყვანონ.

ამასთანავე, კანონის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო ხარვეზთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 2027 წლის 1-ელ იანვრამდე მიიღებს, ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი საწარმოს 3-თვიანი ვადა მიეცემა.

აქვე აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2026 წლის 1-ელ აპრილამდე საწარმოს/ფილიალს კანონთან შესაბამისობაში არ ექნება მონაცემები მოყვანილი, რეგისტრაცია შეუჩერდება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ცენტრალური სარდლობა – ხარგის კუნძულზე ირანის 90-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით
შემდეგი სტატიალევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ტექსტში გადატანილია „ნაციონალური მოძრაობის“ „მესიჯბოქსი“