25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

რა შემთხვევაში დაიბეგრება სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობა დღგ-ით – ახალი წესი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №142 საჯარო გადაწყვეტილებით განისაზღვრა ახალი წესი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული გარკვეული საქმიანობები დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ) დაიბეგრება. ცვლილებების შესახებ მიმოხილვა საკონსულტაციო კომპანია BDO-მ გამოაქვეყნა.

დოკუმენტი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში მიიჩნევა საჯარო სექტორის აქტივობა ეკონომიკურ საქმიანობად და როგორ დარეგულირდება სახელმწიფოს მიერ გაცემული სუბსიდიების საგადასახადო რეჟიმი.

საგადასახადო კოდექსის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ან სსიპ-ის (საჯარო სამართლის იურიდიული პირის) საქმიანობა არ მიიჩნევა ეკონომიკურ საქმიანობად და, შესაბამისად, დღგ-ით არ იბეგრება, თუ: უწყება მოქმედებს როგორც სახელმწიფო ორგანო; ახორციელებს კანონით მინიჭებულ საჯარო (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას; პროცესი დარეგულირებულია საჯარო სამართლის ნორმებით.

ამ პირობების შესრულებისას, მომსახურებისთვის დაწესებული საფასური ან მოსაკრებელი დღგ-ის დარიცხვის საფუძველი არ ხდება.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, თუ საჯარო უწყება ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომლის შესრულებაც კერძო სექტორსაც შეუძლია და ამით კონკურენციაში შედის კერძო კომპანიებთან, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, აღნიშნული ოპერაციები დღგ-ით დაიბეგრება.

სამინისტროს განცხადებით, ამ მიდგომის მიზანი ბაზარზე კონკურენციის დამახინჯების თავიდან აცილებაა, რათა საჯარო სუბიექტის საგადასახადო უპირატესობამ კერძო სექტორთან შედარებით არათანაბარი პირობები არ შექმნას.

ახალი საჯარო გადაწყვეტილება ასევე აწესრიგებს სუბსიდიით დაფინანსებული ოპერაციების დაბეგვრის წესს:

სუბსიდიის თანხა დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტული საქონლის ან მომსახურების ფასთან და წარმოადგენს ანაზღაურების ნაწილს (გავლენას ახდენს მომხმარებლის მიერ გადასახდელ საბოლოო ფასზე).

თუ დაფინანსება გაიცემა ორგანიზაციის ზოგადი მხარდაჭერისთვის (მაგალითად: სამეცნიერო კვლევები, გარემოსდაცვითი პროექტები, დასაქმების ხელშეწყობა ან საოპერაციო ხარჯების დაფარვა) და არ არის მიბმული კონკრეტული პროდუქტის/მომსახურების რეალიზაციაზე, სუბსიდია დღგ-ით არ დაიბეგრება.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის პრესპიკერი: როდესაც უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რასაც ჩვენ „გაძლიერებულ დიალოგს“ ვუწოდებთ
შემდეგი სტატიამარკუს ლამერტი: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება