რა საფრთხე გველოდება ზაფხულში “დაკორონებული” რუსეთიდან

საქართველოს ხელისუფლება გვპირდება, რომ ივლისიდან საგარეო ტურიზმს ამოქოქავს. მართალია ტურიზმი საქართველოში შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ტურიზმის ამოქოქვამ შესაძლოა ჩვენს ქვეყანას სერიოზული საფრთხეები შეუქმნას.

ყველამ ვიცით რომ საქართველოში ტურისტები ძირითადად რუსეთიდან ჩამოდიან. შექმნილ ვითარებაში კი რუსი ტურისტების ჩამოსვლა უხიფათო ნამდვილად არ არის. იმის გამო რომ თავის დროზე ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ კორონავირუსი არ აღიარა, დღეს აქ კატასტროფული ვითარებაა. საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ ღებულობენ. სასწრაფოები გამოძახებაზეც კი აღარ მიდიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ კორონათი მათი პრემიერი. პრეზიდენტის პრესმდივანი და კულტურის მინისტრი დაავადდნენ, ადვილი წარმოსადგენია რა მდგომარეობაა. საქართველოს ხელისუფლება კი მზადაა რუს ტურისტებს გზა გაუხსნას.

დღეს რუსეთი რომ კორონავირუსის მხრივ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ეს ოკუპირებული ცხინვალის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდანაც კარგად ჩანს. ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასულ კვირას, 6 მაისს დაფიქსირდა. როგორც გაირკვა ვირუსი ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან შევიდა. ვირუსი პირველს 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. ამის შემდეგ ცხინვალმა რუსეთთან საზღვარი სრულიად ჩაკეტა და თვის ბოლომდე რუსეთიდან არავის შეშვებას არ აპირებენ. რუსეთში კი მართლა კატასტროფა ხდება. მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიაშიც. აქაურები საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობენ ხოლმე. აღსანიშნავია რომ ჩრდილოეთ ოსეთში დღემდე არ აღიარებენ კორონას მძიმე დაავადებად და მას ჩვეულებრივ გრიპად აღიქვამენ.

13 მაისის მონაცემებით ცხინვალში კორონავირუსით 25 ადამიანია ინფიცირებული. მათი რაოდენოიბა სავარაუდოდ გაიზრდება. ამ დღეებში კიდევ 200 ადამიანზე ელოდებიან პასუხს.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთს, სადაც სასიკვდილო ვირუსი ჩვეულებრივი გრიპი ჰგონიათ. იქ ბევრად მძიმე მონაცემებია. ალანიაში უკვე 14 ადამიანია კორონავირუსით გარდაცვლილი. ინფიცირებულთა რიცხვი კი 1871-ს შეადგენს. ინფიცირებულთა შორის 200 მედიკოსია. მათგან ერთ-ერთი ვირუსმა რამდენიმე დღის წინ იმსხვერპლა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამ პატარა რესპუბლიკაში დღეში 10.000 პირბადეს მაინც კერავენ. ეს პირბადეები პირველ რიგში მედიკოსებს ურიგდებათ. პირბადეებისთვის საჭირო ნედლეულს, მარლას კი ადგილობრივი მეწარმეები ყიდულობენ.

მოსკოვში არსებულ; კატასტროფულ ვითარებაზე „თაიმერი“ უკვე წერდა. იქ მცხოვრები ქართველები გვიყვებიან, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და არაა გამორიცხული მალე მოსკოვში პირბადის გარეშე ქუჩაში გამოსვლა აიკრძალოს.

რუსებისგან განსხვავებით ჩვენი ხელისუფლება აღიარებს კორონავირუსს და უკვე ერთ თვეზე მეტია კომენდანტის საათში გვაცხოვრებს. და თუ მართლაც რეალურად აფასებენ ამ ვირუსისი საფრთხეს და პოლიტიკური მიზნებისთვის რ ვართ გამოკეტილები, ტურიზმის ამოქოქვას ცოტა სიფრთხილით მოეკიდებიან. ტურისტი და ფული კარგია, მაგრამ ადამიანების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ძვირი ფასი არაფერია.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბერაიამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან დისტანციური შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ევროპარლამენტმა ბრჭყალები გამოაჩინა