“რა პარტნიორული ურთიერთობა უნდა მქონდეს გიგა ბოკერიასთან?! ეს გამორიცხულია”

“ქართული ოცნების” საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან გოგიჩაიშვილი, პარლამენტში, “ნაციონალურ მოძრაობასთან” პარტნიორულ ურთიერთობას გამორიცხავს.

“პირველ პრესკლუბში” გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ ახლა, მისთვის მთავარია არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ კონკურენტს დიდი სხვაობით მოუგებს.

გოგიჩაიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ისეთი უმრავლესობით შევა საკანონმდებლო ორგანოში, რომ ამ პარტიასთან თანამშრომლობა არ დასჭირდება.

“პარლამენტს გარეთ იქნებოდნენ, თუ შიგნით, ეს დიდად არაფერს ცვლის. “ქართულ ოცნებას” ექნება ძალიან დიდი უმრავლესობა. ჩვენ საარჩევნო პროგრამას განვახორციელებთ. ჩვენთვის მთავარია სიმშვიდე, განვითარება, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანა არიოს.

მათ ექნებათ ტრიბუნა, სადაც საკუთარ აზრს დააფიქსირებენ, თუმცა ამ პარტიასთან პარტნიორულ ურთიერთობაში არ შევალთ. უბრალოდ შევეგუები იმ აზრს, რომ ეს ადამიანები იქნებიან პარლამენტში.

რა პარტნიორული ურთიერთობა უნდა მქონდეს გიგა ბოკერიასთან?! ეს გამორიცხულია. არ ვიცი, როგორ ფიქრობენ “ქართული ოცნების” სხვა წევრები, თუმცა ამ მოცემულობით, არ ვართ მათზე დამოკიდებულები კანონპროექტის მისაღებად”,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სვეტიცხოველი – ეს არის ჩვენი რწმენისა და სიყვარულის ნათელი სვეტი დროში”
შემდეგი სტატიაილია მეორე: არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება გიორგი კვირიკაშვილის დამსახურებაა