რა მედიკამენტი მიიღო გარდაცვლილმა ექთანმა ვაქცინაციამდე – სამართალდამცავებმა აფთიაქები შეამოწმეს

რა მედიკამენტი მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებამდე გარდაცვლილმა ექთანმა, მეგი ბაქრაძემ – სამართალდამცავებმა აფთიაქები შეამოწმეს და ფარმაცევტების ნაწილი დაკითხვაზე დაიბარეს.

ოჯახი ბაქრაძის მდგომარეობის დამძიმების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ კლინიკაში დანიშნული მედიკამენტის მიღებას ასახელებს. ადვოკატები კი ამბობენ, რომ საქმის მასალებში მედიკამენტზე საუბარი არაა.

მეგი ბაქრაძის და ამბობს, რომ ორი აბი წამალი გარდაცვლილს ექიმმა მისცა.

“კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ გამოძიება იძიებს არა იმას, მეგის რამე წამალი ჰქონდა თუ არა მიღებული, რაღაც კონკრეტულ წამალს იძიებენ, კონკრეტულ წამალს ეძებენ სხვადასხვა აფთიაქებში. ამოღებული აქვთ აფთიაქებიდან გაყიდვების სია, რა მედიკამენტები გაიყიდა წინა დღეებში, რადგან ეძებენ რაღაც კონკრეტულ აბს და არ ვიცით რა აბს ეძებენ, ფიქრობენ, რომ ამას შესაძლოა რაღაც უკუეფექტი ჰქონდა. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიება რაღაც ვერსიას ალაგებს ამ საქმის შესახებ, რაღაც ვერსიაზე მუშაობს, რომელიც უნდა იპოვოს და დაასრულოს, ამ ვერსიით გამოიძიოს საქმე”, – თქვა ოჯახის ადვოკატმა, ვახო ბარამაშვილმა.

ადვოკატების თქმით, გამოძიებამ შესაძლოა რამდენიმე ექიმზე ან ექთანზე “გადატეხოს ჯოხი” და სისტემური დანაშაული საერთოდ არ გამოიკვეთოს.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – ველოდებით პიკურ მაჩვენებელს მესამე ტალღისას
შემდეგი სტატიაიერუსალიმში პოლიციასთან შეტაკებისას ათობით პალესტინელი დაშავდა