რა ხდება საქართველო-სომხეთის საზღვარზე?!

ქალბატონო დარეჯან, 15 აპრილს, კვირაცხოვლობას, დიდუბის ეკლესიის მრევლი მივდივართ სოფელ ოფრეთში. ეს სოფელი მდებარეობს საქართველო-სომხეთის საზღვართან. სოფელში ცხოვრობს ერთადერთი ქართველი დედაო, დედა ფოტინე. სოფელი თითქმის ცარიელია და თუ ვინმე ცხოვრობს, ისიც არაქართველი. დედაო ცდილობს ქართული სული აღადგინოს, რაზედაც დიდი წინააღდეგობა ხვდება და დიდი ბრძოლა უწევს. ჩვენი ეკლესიის მრევლის ნაწილმა შევძელით და დავწერეთ შალვა ახალციხელის ხატი და გვინდა ხვალ ჩავაბრძანოთ ოფრეთში. თუ წამოსვლის სურვილი და დრო გექნებათ, გეპატიჟებით“, – ამ შეტყობინების ავტორი თამარ ძნელაძეა, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც დედა ფოტინეს უყურადღებოდ არ ტოვებენ, დიდუბის ეკლესიის მრევლი.
15 აპრილს, დილით, 7 საათზე შავიკრიბეთ 20-მდე ადამიანი და დავადექით გზას, ჩვენთან ერთად მამა ანდრია (ორმოცაძე)წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, წამობრძანდა.
„7 წლის წინ დამებადა იდეა, ჩვენი ეკლესიის მრევლი შევკრებილიყავით და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეკლესია-მონასტრები მოგველოცა. ჩვენ ისეთ ადგილებში ვართ ნამყოფი, სადაც ადამიანის ფეხი წლებია არ დადგმულა, რათქმა უნდა ბერებს თუ არ ჩავთვლით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ უხარიათ ჩვენი დანახვა, დღეები, თვეები, წელიც კი გავა და იქ არავინ ადის. როგორც შეგვიძლია ისე ვეხმარებით მონასტრებს. დღეს სადაც მივდივართ, იქ ქართველები არ ცხოვრობენ. ცოტა ხნის წინ ოფრეთში დასახლდა დედა ფოტინე, სახლში, სადაც ცხოვრობს პატარა ეკლესია მოაწყო, შალვა ახალციხელის სახელობისა, ამიტომ მივაბრძანებთ შალვა ახალციხელის ხატს“, – კიდევ ერთხელ ამიხსნა მგზავრობის მიზეზი ქალბატონმა თამარმა.
რაღაცნაირად შემშურდა, ადამიანებს, როგორც „ელიტა“ უწოდებს, ჩვეულებრივ მოკვდავებს, არაჩვეულებრივი მოკვდავებისაგან განსხვავებით, მთელი საქართელო აქვთ მოვლილი, ყველა მოქმედ თუ კარგამოკეტილ ეკლესიაში აქვთ ლოცვა აღვლენილი, სანთელი თუ კელეპტარი დანთებული… მადლობის მეტი რა მეთქმის ამ ადამიანებისთვის, არც კი ვიცოდი სოფელი ოფრეთი სად იყო, ჩემდა სამწუხაროდ არც ამ სოფლის ისტორია ვიცოდი:
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „შულავერის სამხრით კერძ არს გორულის ხევი, ეყრების შულავრის ხევს. ამას ზეით ოფრეთი, მცირე ქალაქი და ციხე მისი“. ოფრეთი წყაროებში პირველად იხსენიება XI ს-ის ამბების თხრობისას, როცა ტყვედ ჩავარდნილ სომხეთის მეფე კვირიკეს ოფრეთის ციხე ბაგრატ IV-ისთვის (1027-1072) გადაუცია. შედიოდა ქვემო ქართლის მეწინავე სადროშოში. ოფრეთზე გადიოდა წოფიდან ტაშირში მიმავალი გზა. ზოგიერთი ცნობით, V ს-ში ქართლის პიტიახშ ვარსქენს ოფრეთის ციხეში ჰყავდა გამომწყვდეული თავისი მეუღლე დედოფალი შუაშანიკი. ოფრეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია, 1960 წ. სოფ. ოფრეთიდან აღმოსავლეთით, 5 კმ-ის დაშორებით შემთხვევით აღმოჩნდა ენეოლითური ხანის ქვის სწორკუთხა დანისპირი (6,3X3,5 სმ). ფხა ცალ მხარეს გამოყვანილია რეტუშით. ოფრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას ადრეული შუა საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. ნაგებია თანაბარი ზომის კვადრებით. აფსიდა ნალისებურია. ოფრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, შულავერის ხევის ზემო წელში, მის მარჯვენა ნაპირზე დგას ადრე შუა საუკუნეების ციხე. ნაგებია საშუალო ზომის კვადრებით კირხსნარზე. ციხის ზღუდეში მრგვალი კოშკებია. ზღუდის შიგნით სხვადასხვა ნაგებობათა ნანგრევებია.
აი, ეს იყო ოფრეთი. დღეს ეს ისტორიული ციხე-ქალაქი ქართველებისაგან დაცლილია. აქ ძალიან ბევრი მიტოვებული სახლია, სადაც ადრე ბერძნები ცხოვრობდნენ. მიწის დიდი ნაწილი დაუმუშავებელია, არადა, როგორც მამა ანდრიამ მითხრა, სეზონზე სამი მოსავალის აღება შეიძლება ამ მადლიან მიწაზე. დედა ფოტინე, აქ რამდენიმე წლის წინ დასახლდა. მონაზვნობამდე კი ემიგრანტი იყო, 15 წლიანი ემიგრაციიდან 7 წელი გერმანიაში, 8 კი ლონდონში იცხოვრა. საინტერესო ისტორია აქვს დედა ფოტინეს:
_ თითქმის 5 წელია აქ ვარ, მანამდე, ისე როგორც ყველა ქართველი, მეც საშოვარზე ვიყავი გადაკარგული, 15 წელი ემიგრაციაში გავატარე, ჯერ გერმანიაში, შემდეგ ინგლისში. 8 წელი ვიცხოვრე ლონდონში. ამ პერიოდში სულ ვკითხულობდი ლოცვებს. ლონდონში ქართული ტაძარი შევიძინეთ, თავდაპირველად მამო არ გვყავდა, თვეში ერთხელ ჩამოდიოდა მამა გრიგოლი, შემდეგ ჩამოვიდა მეუფე ზენონი, მასთან ერთად იყვნენ შავი ბერები, მეუფე ზენონმა განაპირობა ჩემი მონაზვნობა.
საზღვარგარეთიდან საქართველოში რომ ჩამოვედი, მონასტრებში დავიწყე სიარული, ვფიქრობდი სად შეიძლება წამოვსულიყავი. ოფრეთში, ჩემი თხოვნით, მეუფე თადეოზმა გამომაგზავნა. უსაყვარლესი მეუფე იყო, როცა რამე მიჭირს მის საფლავთან მივდივარ და ველაპარაკები, უზომოდ მიყვარს. აქ რომ ჩამოვედი მეუფე გიორგი გავიცანი. თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ქართველები როგორიც მეუფე გიორგია.
_ ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
_ შვილებმა ძალიან განიცადეს… ბერძნები რომ წავიდნენ აქედან, უამრავი სახლი დარჩა უპატრონოდ. სახლი, სადაც მე ვცხოვრობ მიტოვებული იყო, თუმცა მე რომ აქ დავსახლდი, დიდი წინააღმდეგობა შემხვდა ბერძნებისაგან. მათ არ უნდათ ქართველები რომ დაბრუნდნენ, დასახლდნენ. იცით რამდენი წინააღმდეგობაა? ბევრი. ჩვენიაო, ბერძნებისაა აქ ყველაფერიო, – გვეუბნებიან. როგორაა ყველაფერი სხვისი და ჩვენი არაფერი?! ჩვენ საიდან მოვედით, ქართველები? რა არის ჩვენი? ყველა ჩვენ როგორ გვწიწკნის, გვჯიჯგნის და გვართმევს? აქ დარჩენილები არიან ის ბერძნები, რომლებიც თურქეთიდან გამოყრილ სომხებს გამოყვნენ ჩვენს ქვეყანაში. საკუთარი ენაც არა აქვთ, „თათრულად“ ლაპარაკობენ. ქართული იციან და არ მელაპარაკებიან.
_ მართლმადიდებლები არ არიან?
_ ამბობენ მართლმადიდებლები ვართო, მაგრამ მართლმადიდებლები რომ იყვნენ, არ უნდა უხაროდეთ ტაძრის აღდგენა? ვძულვართ ამათ ჩვენ! მე მეუბნებიან შენ ქართველების ჩამოსახლება გინდა აქ და წადიო. რათქმა უნდა, მინდა, რომ ქართველები დაუბრუნდნენ თავის მიწას, ჩემი დიდი სურვილია ეს, ვეძებ აქ ჩამომსვლელ ქართველს. ოღონდაც ჩამოვიდნენ, დასახლდნენ, დაამუშაონ ეს მადლიანი მიწა.
_ თქვენს ადგილას მე ვერ გავბედავდი აქ მარტო ყოფნას.
_ მეუფეს როცა ვუთხარი აქ გამოვეშვი, მკითხა მარტო წახვალო? დიახ, როგორც უფალი ინებებს, ისე იქნება და გამიშვი-მეთქი, – ვთხოვე. ღმერთის იმედად წამოვედი აქ, როგორც უფალი ინებებს ისე იქნება. გამომიშვა მეუფემ. ჩამოვედი. დავამუშავე მიწა, თუ ადამიანს შრომა არ ეზარება და ხელს გაანძრევს ყველაფერი ექნება, ეს მიწა სეზონზე სამგზის მოსავალს გვაძლევს… დავამუშავე მიწა, მოვიყვანე მოსავალი, დავაბინავე და ყველაფერი მომპარეს.
ქალმა დამიტოვა სახლი, მაჩუქა. ერთი ამბავი აუტეხეს, რას ქვია სახლი აჩუქეო. კაკალი აქვს ეზოში და შეგროვების საშუალება არ მომცა „თათარმა“ მეზობელმა. ყველაფერს მპარავდა, ჩემს ეზოში ვაშლები იყო და იპარავდა, ღმერთმა შეარგოს, მაგრამ …
მე ვარ მირიანის და ნანას ტაძრის მრევლი, მამა გრიგოლიმ მრევლი გამოაგზავნა რომ მომხმარებოდნენ. ჩამოვიდნენ, მომიტანეს რაც კი იყო საჭირო ტაძრისთვის თუ პირადად ჩემთვის. დავალაგეთ ეს ყველაფერი და ტაძარში (აიორის ეკლესია) ჩამოვედით, უკან რომ დავბრუნდით ყველაფერი მოპარული დაგვხვდა. ზამთრისთვის თუკი რამ მქონდა გაკეთებული ყველაფერი მომპარეს. ცდილობენ როგორმე შემაშინონ, დილაობით 6-ის 15 წუთზე ვიღაცა ფანჯარაზე მიკაკუნებდა ხოლმე, დავინახე კიდეც ვინც იყო. ამასწინათ შემოვიდნენ და ჭერიდან ცელოფნები ჩამოხიეს. ასკილის მოსაკრეფად ჩავედი, მარჯვენა მხრიდან ტყვიამ გამიარა, თოფით ნასროლი არ იყო, უფრო მაკაროვის ხმას გავდა, შარშან მოხდა ეს.
_ რას ამბობთ და გამოძიება არ დაწყებულა?
_ მე აქ ღვთის სამსახურში ვარ ჩამოსული, ჩემი სამშობლოს დასაცავად, მტკივა ეს მიწა, ეს ცა. მაქსიმალურად ვცდილობ კონფლიქტში არ ჩავერიო. არ მელაპარაკებიან ქართულად, მიუხედავად იმისა ყველამ იცის ქართული. ვუთხარი კიდეც – ენას მიწუნებთ და ამიტომ არ მელაპარაკებით ქართულად, თქვენ ჩემზე უკეთესი ენა გაქვთ? თქვენ ცხოვრობთ საქართველოში და ვალდებული ხართ ქართულად მელაპარაკოთ“. რეაქცია? გაფართოებული თვალებით მიყურებენ და კომუნისტების პერიოდში ასე ვიცხოვრეთო, – მეუბნებიან. კომუნისტების პერიოდი დიდი ხანია დამთავრდა საქართველოში, ესენი კი… აქ მეზობელი მყავს, მაია ძალიან კარგი ქალია, კარგი შვილი ჰყავს, ესენი მეხმარებიან, ამათ გადამატანინეს ზამთარი.
მარნეულს რომ გამოსცდებით, აგეტირება ისეთი მიწებია ქართველებისაგან მიტოვებული. სომხები, აზერბაიჯანელები გამრავლებას ცდილობენ, აქ დასახლებას, ქართველები კი მიდიან და მიდიან. მე რომ აქ თავდაპირველად ჩამოვედი რა ცოტანი იყვნენ არაქართველები? გაიხედეთ ახლა, ნახეთ რამდენნი არიან. აშენებენ სახლებს, ამუშავებენ მიწას, დილით ვთქვათ 10 მერტ მიწას რომ მფლობენ, საღამოს ეს 10 მეტრი 30 ხდება. უყვართ შრომა, შრომობენ… მაგრამ მე არ მინდა ჩემს ქვეყანაში სხვა შრომობდეს მხოლოდ, იშრომოს ჩემმა ქართველმაც, რატომ გავრბივართ სხვაგან? გული მტკივა.
სოფელში გარდაიცვალა ბერძენი ქალი, მისი შვილები ჩამოვიდნენ. ერთი კვირაც არ გაჩერდნენ, მე მთხოვეს 40 დღე შენ აუნთე სანთელიო და წავიდნენ. ამ ქალს ყველაფერი ჰქონდა, სახლ-კარი, შვილები დაბინავებული, გარდაიცვალა და… აი, სწორედ ამ დროს მივხვდი ქონება ამაოება რომ არის. ყველაფერი დატოვა ამ ქალმა, შვილებმა კი 40 დღეც არ ილოცეს დედის სულისთვის, სანთელი არ დაუნთეს.
_ როგორ მენანება ეს მიწა ასე რომ ვაცდენთ…
_ აქ მიწას ხელი რომ მოუჭირო ქართველების სისხლი და ოფლი გამოუვა…
_ წასული ბერძნები არ ჩამოდიან ხოლმე?
_ იშვიათად ჩამოდიან, სააღდგომოდ იყვნენ ჩამოსულები, 6 მაისს ჩამოვლენ. გთხოვ, იქნებ ჩამოხვიდე, მაღლა გორაზე წმ. გიორგის უძველესი ეკლესიაა, ჩამოდი, მოილოცე…
_ ჩამოვალ.
_ ბერძნები აქედან ისე გავიდნენ ზოგს ნემსიც არ გაუტანია, მაგრამ დარჩენილებმა გაძარცვეს, მოაჯირებიც კი წაიღეს, ფანჯრები ჩაამსხვრიეს. ასე რომ დარჩეს ეს სახლები, ქართველები ჩამოსახლდებიანო, დაინგრეს და ქართველი არ ჩამოვიდესო, – შემოთვალეს იქ წასულებმა და ამათაც შეასრულეს. ესენი თვლიან, რომ აქ ყველაფერი მათი საკუთრებაა და არა საქართველოსი, მე კი ვცდილობ მათ დავანახო რომ ეს მიწა საქართველოსია, რომ აქ ქართველების სისხლია ჩაქცეული. ჩვენ ბერძნები ვართო, – მეუბნებიან, მეც ვპასუხობ – მთიული ვარ და 300 არაგველის ჯიშისა და თქვენი მუქარის არ მეშინია, ჩემს ქვეყანაში ვარ, მე ავირჩიე ოფრეთი, ჩამოვედი და აქ ვარ.
როგორც წმინდა სამება არ განიყოფება, ისე მამული, ენა და სარწმუნოება. მე ქართველი ვარ, ვამაყობ იმით, რომ საქართველოში დავიბადე და ყველანაირად ვეცდები სანამ პირში სული მიდგას, გავუფრთხილდე და მოვუარო ჩემს ქართულ მიწას, შევძლო გავაკეთო ის, რაც საჭიროა ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი სულის საცხოვნებლად და უფლის სადიდებლად. ჩემს სამშობლოში რომელ კუთხეშიც მინდა იქ წავალ და ვიცხოვრებ. ბევრი სამონასტრე ადგილია და თავისუფლად შემეძლო წასვლა, მაგრამ ეს რეგიონია ურთულესი, ამიტომ წამოვედი აქ.

პირველი ნაწილის დასასრული

მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა

 

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – პრეზიდენტი შეწყალებას ახლა თუ შეაჩერებს, კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს
შემდეგი სტატიასოფელ ლამბალოში მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება ჩატარდა