რა ხდება ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში?!

ერთი წლის წინ ქართული წარმოშობის ცნობილმა კარდიოლოგმა, ექიმმა ისმეთ დინდარმა (მიქელაძე) , რომელიც წლების მანძილზე თურქეთში მოღვაწეობდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა, ბათუმში პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო კლინიკა – ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი – დააარსა და პერსონალი ბათუმელი და თბილისელი მაღალკვალიფიციური მედიკოსებით, თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტებით დააკომპლექტა. რამდენიმე დღის წინ ბატონმა ისმედმა გაავრცელა განცხადება, რომელიც „ბათუმელებში“ დაიბეჭდა. განცხადებაში აღნიშნულია:
„ჩემი ძალისხმევითა და ინიციატივით, ერთი წლის წინ ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და უნივერსიტეტი, რაზეც წლებია ვოცნებობდი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დროა გასული, საავადმყოფომ უზრუნველყო ჩემი ქვეყნის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება და მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების გაწევა.
სამწუხაროდ, ბოლო დროს ადგილი აქვს საავადმყოფოს ხელში ჩაგდების მიზნით ხელოვნურად შექმნილ არასასურველ პროცესებს. 45% წილის მესაკუთრე პარტნიორი – საავადმყოფოს დირექტორები, რომლებსაც ბათუმის სასამართლოს მიერ შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება, საავადმყოფოს გარეთ – სასტუმროებში, სახლებში, რესტორნებში აწყობენ შეხვედრებს საავადმყოფოს თანამშრომლებთან, ატყობინებენ, რომ მათ სასამართლო პროცესი მოიგეს, აპირებენ დაბრუნებას და რომ არ იმუშავებენ მათთან, ვინც არ დაუპირისპირდება საავადმყოფოს ამჟამინდელ ხელძღვანელობას; მთავარი ექიმის პოსტსა და სხვა მაღალ თანამდებობებზე დანიშნვის დაპირებებით, მუქარით, ტყუილებით ისინი ცდილობენ საავადმყოფოსში ქაოსის დანერგვას, რაც, ნაწილობრივ, მოახერხეს კიდეც.
საავადმყოფოს თანამშრომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჯერ საჯარო განცხადება გააკეთა, ხოლო შემდეგ, წინასწარი გეგმის მიხედვით, დაიწყეს სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლა. ეს ვითარება სამუშაო პროცესს ჩაშლის საფრთხეს ვერ შეუქმნის, რადგან საქართველო ფლობს მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ ექიმთა რესურსს. მაგრამ ექიმები, რომლებთანაც მოლაპარაკებებსა და გასაუბრებებს ვაწყობთ, მათ მიმართ დაშინებისა და სხვადასხვა ხერხის გამოყენების შედეგად, იძულებულები არიან უარი თქვან ჩვენთან მუშაობაზე. ჩვენთვის ცნობილია, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმებს, რომლებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, წინააღმდეგობას უწევს და, ეგრეთ წოდებული, „მაფიოზური“ ხერხებით, სხვადასხვა გზით ყოველმხრივ ხელს უშლის ჩვენთან მუშაობის დაწყებაში ჩვენივე საავადმყოფოს ემერჯენსის ყოფილი ექიმი.
ეს პიროვნება, რომელსაც ათობით საავადმყოფო და სამუშაო ადგილი აქვს გამოცვლილი, აცხადებს, რომ მხოლოდ მას შეუძლია სასწრაფო დახმარების ექიმის შესაბამისის სერტიფიკატის გაცემა. აღნიშნული პიროვნება საავადმყოფოს ყოფილ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, აქ მუშაობისას, იღებდა ხელფასს 15 000 ლარის ოდენობით, რამაც დროთა განმავლობაში პრობლემები წარმოშვა. შედეგად, აღნიშნული პრიოვნებას გადაეხადა კომპენსაცია 30 000 ლარის ოდენობით და მას, ორმხრივი შეთანხმებით, შეუწყდა ხელშეკრულების ვადა. ამჟამად, ეს პიროვნებაც, ზემოაღნიშნული პროცესების ორგანიზებაში იღებს მონაწილეობას. ამ ვითარების შესახებ უკვე ვაცნობეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ასოციაციის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი გოცაძეს. ზემოაღნიშნულ პროცესებში ჩართული არიან სხვა ექიმებიც. ისინი მოუწოდებენ ექიმებს, რომლებსაც მოველაპარაკეთ მუშაობის დაწყების თაობაზე, რომ უარი თქვან ჩვენთან თანამშრომლობაზე, რაც, უბრალოდ, მოწოდებას კი არა, ფაქტობრივად, უკანონო დაჯგუფების ქმედებებს ჰგავს. მე, ჩემი წინაპრების მიერ 130 წლის წინ დატოვებულ მიწა-წყალზე, მათი ხსოვნისა და ჩემი ხალხისათვის კარგი, სასარგებლო საქმის საკეთებლად ჩამოვედი. ამ საავადმყოფოსთან არსებული უნივერსიტეტის დაარსებით, რომლის რექტორიც გახლავართ, მიზნად ვისახავ, აღვუზარდო და 10 წლის შემდეგ ქვეყანას ვაჩუქო განათლებული, კვალიფიციური, თანამედროვე სამედიცინო ცოდნის მფლობელი 80-მდე ახალგაზრდა ექიმი. მომავალ წელს აღნიშნულ უნივერსიტეტში რვა ქართველი სტუდენტი სრული დაფინანსებით მიიღებს განათლებას.
სრულიად მარტოც რომ დავრჩე, მე გავაგრძელებ ამ ბრძოლას. არ დავნებდები. ყველა პასუხისმგებელ პირს მოვუწოდებ და ვიწვევ აღნიშნული საკითხის გასარკვევად. არსებული დაძაბული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, საავადმყოში სამედიცინო პროცესი შეწყდება და პაციენტები, რომლებმაც ვერ შეძლეს აქ სათანადო მკურნალობის მიღება, იძულებულები იქნებიან, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ძვირადღირებულ მკურნალობაში გადაიხადონ გაცილებით დიდი საფასური..


ყველა პასუხისმგებელ, ვალდებულ და დაინტერესებულ პირს, ჩემს ქართველ მეგობრებს – ქართველი ხალხის დასახმარებლად მოვუწოდებ.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი ისმეთ დინდარი (მიქელაძე)“
ვიდრე ბატონ ისმედთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, შეგახსენებთ რომ, საქართველოში პრაქტიკის დაწყებამდე ის არა ერთ ქართველს, თითქმის უსასყიდლოდ (მინიმალურ ფასად) მკურნალობდა, რის გამოც ბატონ ისმედს მოიხსენიებენ როგორც ექიმ-ქველმოქმედს და ამიტომ არც არავის გაკვირვებია, როცა ზემოთმოყვანილ განცხადებას მოსახლეობის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელ ფეისბუქში კი წერენ:
ცოტნე გამსახურდია: როდესაც გყავს ისმეთ მიქელაძე, ლეო ბოკერია და მისთანები, და ამ დროს შენი ვირთხული ინტრიჟკებით და ცარიელი თავით ცდილობ სიტუაციის მონოპოლიზებას, ხელში ჩაგდებას, ან იდიოტი ხარ, ან ღრუზინი, ან – ორივე ერთად! ეს კლინიკა ხომ მხოლოდ ამ ადამიანის მსოფლიო ავტორიტეტს და ცოდნას უკავშირდება! მის გარეშე ის – უბრალოდ შენობაა. თუმც “დირეხტორებისთვის” ნაციის ჯანმრთელობა და საქვეყნო საქმე – მიუწვდომელი მატერიებია. ვირთხებს დღევანდელი კვერცხის ნაჭუჭი ურჩევნიათ ამ ყველაფერს… სწორედ ამაზე ამბობდა ოდესღაც ზვიად გამსახურდია: “აქ პატარა ლიდერები – მეფეები და თავადები – არიან, რომლებიც თავის კლანს იკრებენ გარშემო. ეს კლანი შემდეგ იბრძვის თავისი ინტერესებისთვის. თავისი მოგებისთვის და ყველანაირი პირადი კეთილდღეობისთვის. როდესაც უფრო დემოკრატიული გახდება მმართველობა ამ სფეროებში, ეს გამოიწვევს ამ მაფიების არსებობის შეწყვეტას.
საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია.”
ვახტანგ ზარქუა: „მხარი დავუჭიროთ ქართული წარმოშობის ქირურგს თავის ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის!“
ნათია ფანჯიკიძე: „ვის აწუხებს? ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს და ლარ-ლარ აგროვებს ხალხი ავსტრიაში და გერმანიაში, თუნდაც თურქეთში სამკურნალო ფულს, რამე რომ გაუჭირდებათ. კაცი აქვე ცდილობს შექმნას სამედიცინო მაღალი სტანდარტი და უნადგურებენ საქმეს, თითქოს არავისთვის იყოს საჭირო“.
კლარა შუკვანი: „სამწუხაროდ ,საქართველოში ბოლო დროს არაპროფესიონალიზმი უფრო დაფასებულია,ვიდრე მცოდნე და წიგნიერი ადამიანები.ეს არის მწარე რეალობა.ამიტომ დაჩაგრულს გვერდში დაუდგეთ, რომ საქართველო, შევარდნაძის დაარსებულ ლაბორატორიად არ დარჩეს!!!“
ბიძინა დადეშქელიანი: „ჩვენთან პროფესიონალი ,კვალიფიციური კადრები ,ასეთი გამოჩენილი ადამიანებიც არ ფასობენ , გამეფებულია ნეპოტიზმი ,მხოლოდ პირადი სარგებლიანობით ცხოვრობენ და ქვეყანა , საზოგადოება სულ არ ადარდებთ“.
ეს არის ძალიან ცოტა, რაც ითქვა და დაიწერა იმ მრავალრიცხოვანი კომენტარიდან, რომელსაც ფეისბუქის მომხმარებელთა გვერდებზე გადააწყდებით. სამწუხაროა, რომ ქართველი ექიმების ერთი ნაწილი ჰიპოკრატეს ფიცს არად აგდებს და ამბიციებს სწირავს (ცდილობს შესწიროს) პაციენტთა ჯანმრთელობას. „საავადმყოფო მრავალპროფილურია და საწყის ეტაპზე ონკოლოგიურის გარდა ყველა სახის მომსახურებას გავუწევთ პაციენტებს. რა თქმა უნდა, კარდიოქირურგიას წამყვანი როლი ენიჭება. 1 500 კვადრატულ მეტრზე იგეგმება სამედიცინო ფაკულტეტის გახსნაც. ბააღჩისარაის უნივერსიტეტს კერძო უნივერსიტეტებს შორის თურქეთში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. მისი ხელმძღვანელი დედით ქართველი, რამდენჯერმე იმყოფებოდა აჭარაში, ძალიან მოეწონა აქაურობა და გადავწყვიტეთ, ფილიალი გაგვეხსნა. მე საქართველოში კონკურენციისთვის არ მოვდივარ, ყველა კლინიკა ხარისხიანად უნდა ემსახურებოდეს თავის ხალხს. მე პირადად, სადაც საჭიროა, იქ ვიქნები. ვიცით, რომ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს აქვს პრობლემები, მათი დამალვა საქმეს არ უშველის. მომსახურების სტანდარტები უნდა ამაღლდეს, გაიხსნას გზები საზღვარგარეთ, გაიცვალოს ინფორმაციები და გაღრმავდეს კონტაქტები. ვიმედოვნებ, ჩემი სასწავლებელი ამ საქმეში თავის სიტყვას იტყვის. საავადმყოფოს გახსნის შემდეგ, კვირაში რამდენიმე დღით ჩამოსვლას და ოპერაციების ჩატარებას ვგეგმავ. სამედიცინო ფაკულტეტის გახსნის შემდეგ კი შესაძლებელია, ბათუმს უფრო ხანგრძლივი დროითაც ვეწვიო“, – ეს განცხადება ისმეთ დინარმა 2014 წელს გააკეთა, დღეს კი უამრავი პაციენტის განკურნების ნაცვლად, ბატონ ისმედს პრობლემები შეუქმნეს.
და, მაინც, რა ხდება ჰოსპიტალშ? გთავაზობთ ბატონ ისმეთთან ინტერვიუს:
_ ბატონო ისმედ, წავიკითხე თქვენი განცხადება. რა არასასურველ მოვლენებზეა საუბარი თქვენს წერილში?
_ ჩვენ სამი მოწილე ვართ, ჩემი წილი შეადგენს 10%, ორ მოწილეზე წილი 45-45%-ითაა გადანაწილებული. სასამართლოს განჩინებით დანიშნული ვარ დირექტორად და მიუხედავად ამისა, 45%-იანი წილის მფლობელმა, რომელმაც დავა წამოიწყო, საავადმყოფოს პერსონალს განუცხადა რომ მან მოიგო პროცესი და მოდის. ამ სიცრუემ წარმოშვა გაურკვევლობა. ნებისმიერ ექიმს შეუძლია გააკეთოს არჩევანი იმუშაოს, ან – არა, ეს მათი უფლებაა, ამიტომ მე შევუთანხმდი ექიმთა ჯგუფს, რომლებიც დაიკავებენ მათ ადგილს და იმუშავებენ, თუმცა მათ მოწინააღმდეგე მხარე ურეჯკავს და აშინებს არ ჩამოვიდნენ აქ და არ იმუშაონ.
_ რატომ მივიდა საქმე სასამართლომდე?
_ სიმართლე იმაში მდგომარეობს რომ მეწილეებს შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება. 45%-იან მეწილეს სურს თავად მართავდეს საავადმყოფოს, რაზედაც ჩვენ არ ვიყავით თანახმა.
_ წესდების მიხედვით 65%_მა უნდა გადაწყვიტოს ესა თუ ის სადავო თემა. ზოგადად, ყველგან, ყოველთვის 50+1 არის გადამწყვეტი.
_ დიახ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ეს ჩანაწერი წესდებაში გვიან აღმოვაჩინეთ.
_ თქვენ გაქვთ 45+10%…
_ დიახ.
_ და არ იცოდით ამ ჩანაწერის შესახებ?
_ არა. ამ ეტაპზე სასამართლოში ვასაჩივრებთ სწორედ ამ ჩანაწერს. ამ ეტაპზე ასეა – სასამართლომ სეაჩერა ორი დირექტორის ძალაუფლება და ამ გუნდს სურს დაბრუნდეს, ამიტომ მიმართავენ პროვოკაციას.
_ და ეს გუნდი ცდილობს თანამშრომლები გადაიბიროს.
_ დიახ.
_ თქვენ წერილში საუბრობთ ექიმზე, რომელიც ამ მოვლენებს მართავს, მაგრამ არ ასახელებთ. ვინ არის ეს ექიმი?
_ ალეკო კოხელაშვილი.
_ ვინ ლობირებს მას, ხელისუფლება?
_ არა, ხელისუფლება არაფერ შუაშია. მეორე გუნდი მართავს მას და მის უკან ვინ დგას არ ვიცი.
_ თქვენ საუბრობთ პაციენტებზე, მათ შეუძლიათ მკურნალობა ჩვეულებრივად გააგრძელონ?
_ კი, არანაირი პრობლემა არა გვაქვს. ყველა ოპერაცია მიმდინარეობს, ექიმთა ნაწილია მხოლოდ წასული. მოწინააღმდეგე მხარეს სურს ექიმებზე ზეწოლა მოახდინოს კოლეგიალობის წინ წამოწევით და ამიტომ ეუბნებოდნენ მათ – არ ჩამოხვიდეთ, სადავო მდგომარეობაა, აუცილებლად გააჩერებს სასამართლო უფლებამოსილებას. მოკლედ, მიდის შავი პიარი.
_ მორიგება არ გიცდიათ?
_ მე ყველა ექიმს, ყველა ექთანს შევხვდი, ყველას ავუხსენი სიტუაცია. შევთანხმდით მათთან, გაფორმდა ოფიციალური დოკუმენტი. მხოლოდ 20-მდე ექიმთან იყო პრობლემა, მინდა გითხრათ რომ რამდენიმე მოვიდა და განაცხადა რომ დაბრუნდება, თუმცა მეორე მხარე მათ სეშინებას ცდილობს.
_ კიდევ ერთხელ გავიმეორებ კითხვას, ვინაა ეს მეორე მხარე?
_ ჩვენი მეწილე, არ მინდა დავაკონკრეტო.
_ რაში ხედავთ გამოსავალს?
_ პირველ რიგში მინდა საქართველომ გაიგოს სადაა სიმართლე. მე ჩამოსული ვარ აქ, იმიტომ რომ მინდა ვემსახურო ჩემს სამშობლოს, ჩემი გამოცდილება მინდა მოვახმარო ქართველ ხალხს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მოსახლეობას მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : თუ პოლიტიკური ოპონენტი გებრძვის და მის შვილს ან ახლობელს რაიმეს ჩაუდებ, დამიჯერეთ, ოპონენტი ერთი ათად გაძლიერდება