“რა გვირჩევნია გვქონდეს, გახსნილი რესტორნები და დაკეტილი სკოლები?!“ – ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროს ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის შეწყვეტის მიზეზი პანდემიის პირობებში მოხუცების დაცვაა. ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“საბავშვო ბაღების და სკოლების დაკეტვა იმ ქმედების კიდევ ერთი ნაწილია, სეგმენტის ნაწილია, რომელიც დისტანცირებას უწყობს ხელს. ყველა ქვეყანა განსხვავდება ერთმანეთისგან თავისი ცხოვრების წესით, იმ საბავშვო ბაღებისა და სკოლების მოსწავლეების თავშეყრის წესებით და განსაკუთრებით ბავშვების ძირითადი მომვლელების სტატუსის გათვალისწინებით, რომლებიც უმთავრეს შემთხვევაში არიან ბებია-ბაბუები, ან ისეთი ადამიანები, რომლებიც დაჰყვებიან ამ ბავშვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან მათთან ერთად გადაადგილდებიან მთელი დღის მანძილზე, უსხედან ბავშვებს სამეცადინო მაგიდებთან.

„საბავშვო ბაღებისა და სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა ან დაკეტვა ერთ-ერთი საშუალებაა, რომ გაიზარდოს დისტანცირება საზოგადოებაში და შემცირდეს ადამიანთა თავშეყრა, სწორედ ამითაა განპირობებული ეს ქმედებები, რაც მიმართულია სკოლებისა და ბაღებისადმი თუმცა ვაცნობიერებთ იმას, რომ ნორმალურ რეჟიმში სწავლებისა და სააღმზრდელო პროცესების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის. ასე დიდხანს გაგრძელება ალბათ ძნელი და შეუძლებელია და სწორედ, როდესაც დაგვიდგება საპირწონედ კითხვა რა ჯობია? სამასპინძლო დაწესებულებები და რესტორნები იყოს გახსნილი 10 საათამდე, თუ ბავშვები, რომლებიც დადიან სკოლაში? მოდით მაშინ შევადაროთ ამ ორი კითხვის შედეგად მიღებული სარგებელი ქვეყნისთვის და ხალხისთვის და კიდევ ერთხელ შევაფასოთ თითოეულმა ჩვენგანმა რა გვირჩევნია, გვქონდეს გახსნილი რესტორნები და დაკეტილი სკოლები, თუ გახსნილი სკოლები და ადრე დაკეტილი რესტორნები?“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნოემბრის დასაწყისიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში მდებარე სკოლებში სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, რეგიონებში კი მოსწავლეები სკოლებში დადიან, თუმცა ინფექციის გამოვლინების ფაქტების პარალელურად, წერტილოვანი შეზღუდვები გრძელდება.

banner
წინა სტატიაში“თერჯოლამედში” ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაბათუმში, ნავთობტერმინალთან ხანძარი იყო