28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

რა ეღირება ყურძნის ჩაბარება შაქრიანობის მიხედვით

„ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმის გასაცნობად მევენახეებთან კახეთის 110 სოფელში შეხვედრა გაიმართა“ – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა მოახლოებული რთველი იყო. საუბარი შეეხო ყურძნის შესყიდვისა და ფასის საკითხებსაც.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, სახელმწიფო ყურძენს დიფერენცირებულ, შაქრიანობის მიხედვით დადგენილ ფასად შეიძენს.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს – 1 კგ 1.30 ლარი, 17%-დან 20%-მდე – 0.80 ლარი, 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში – 0.30 ლარი. საფერავის ფასი 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე – 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში – 0.30 ლარი.

„ყველა ღვინის საწარმო აღიჭურვება შაქრიანობის საზომი თანამედროვე მოწყობილობებით, ხოლო მოსავლის აღრიცხვა განხორციელდება ელექტრონული სასწორების მეშვეობით, რომლებიც ინტეგრირებული იქნება ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რაც პროცესის გამჭვირვალობასა და მევენახეების ნდობას გაზრდის.

რეფორმა მიმართულია ხარისხის გაუმჯობესებისკენ – ყურძენი, რომლითაც ქართული ღვინო მზადდება, უნდა იყოს უპირობოდ მაღალი ხარისხის“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე გამოეხმაურა ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობას
შემდეგი სტატიასოფიო ხორგუანი: ე.წ. საბოტაჟის საქმის მთავარი მიზანი მოქალაქეების დაშინებაა