,,რა დათმობაზე ვართ წამსვლელი ჩვენ, რა დათმობაზეა წამსვლელი ოპოზიცია, ეს გაირკვევა”

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგისას, რა საკითხებზე შეიძლება წავიდეს დათმობაზე საპარლამენტო უმრავლესობა, ჯერჯერობით უცნობია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის და ოპონენტების შენიშვნების მოსასმენად, თუმცა რას დათმობენ, ამაზე წინასწარ არ საუბრობენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები იმედოვნებენ, რომ ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრამდე გაირკვევა, ვინ რის დათმობას აპირებს.

„კონკრეტიკაზე საუბრისთვის დღეს არ ვარ ჩამოყალიბებული, ვინაიდან შეხვედრა, რომელიც იმედია შედგება, გადაწყვეტს ძალიან ბევრ საკითხს. რაზე ვართ დათმობაზე წამსვლელი ჩვენ, რაზე არის ოპოზიცია დათმობაზე წამსვლელი, ეს გაირკვევა. სანამ გადავწყვეტთ სტრასბურგში თუ ევროპის სხვა ქალაქში გამგზავრებას, შიდა კონსულტაციები საჭიროა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას მოლაპარაკებების გამართვა გუშინ შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია, სად და როდის გაიმართება კონსულტაციები.

banner
წინა სტატიაში„თბილისობა 2017“ 7-8 ოქტომბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაპოლიტიკური შინაარსის სარეკლამო რგოლები “ობიექტივის” ეთერში – “საერთაშორისო გამჭვირვალობა” საკითხის შესწავლას ითხოვს