რა დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე მეუფე შიოს, რომ ან მოსაყდრედ იყოს, ან სამომავლოდ პატრიარქად?!

ვინაა მოსაყდრედ გამოცხადებული მიტროპოლიტი შიო მუჯირი და რამდენად კანონიერია მისი მოსაყდრეობა?!
პატრიარქის მიერ მისი მოსაყდრედ გამოცხადება 2017 წლის 23 ნოემბერს კიდევ ერთი უკანონო აქტი იყო საქართველოს ეკლესიაში, რადგან საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის მოქმედი 1995 წლის დებულებით, რომელიც მიღებულია და დამტკცებული მცხეთის საეკლესიო კრებაზე, მოქმედ პატრიარქს მოსაყდრე არ ჰყავს, მოსაყდრე არსებობს მაშინ, თუ პატრიარქი გარდაიცვალა ან გადადგა და საჭირო ხდება ახალი საეკლესიო კრების მოწვევა ახალი პატრიარქის ასარჩევად. მოქმედი მართვა-გამგეობის დებულებით მოსაყდრის ერთადერთი ფუნქცია დაქვრივებული ეკლესიის ადმინისტრირებაა, პატრიარქი ილია მეორე კი არც გარდაცვლილა, არც გადამდგარა, შესაბამისად მიტრ. შიოს მოსაყდრეობა უკანონოა საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით.
თავად მოსაყდრედ წოდებული მეუფე შიოს პიროვნება არაფრით გამორჩეული არ ყოფილა 2017 წლამდე და მას ერი და მრევლი საქართველოსი არ იცნობდა, არასოდეს თავისი 15 წლიანი მღვდელმთავრობის მანძილზე საჯაროდ ხმა არაფერზე ამოუღია და არც ეპარქიაში არაფერი უკეთებია, სენაკში წინამორბედმა მღვდელმთავარმა მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილმა ააგო კათედრალი, მოაწყო საეპისკოპოსო რეზიდენცია და დაარსა გიმნაზია, შიომ ეს ყველაფერი მზამზარეული მიიღო, ქ. ჩხოროწყუში კი ბოლო დრომდე არ იყო ეკლესია, წირვა-ლოცვა რომელიღაც შენობის დარბაზში აღესრულებოდა, მშენებარე ბაზილიკა კი 2017 ში არ იყო დასრულებული, ახლა არ ვიცი თუ დასრულდა და გახსნა. ანუ ქ. ჩხოროწყო ბოლო დრომდე უეკლესიო ქალაქი იყო და მთელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ერთი მღვდელი თოლორდავა მსახურობდა, ესაა შიოს “ნაკეთები’ საქმე ეპარქიაში, მისი ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტად გამოცხადება კი ნამდვილი კომედიაა და ტყუილი: შიოს იქ არც მღვდელი ჰყავს და არც მრევლი, არც არასოდეს ჩაუდგამს იქ ფეხი, ეს ამბიციური ტიტული იგივე ღირსებისაა, რომ სინოდმა შიოს მიანიჭოს სრულიად მარსისა და იუპიტერის პატრიარქის წოდება.
აღსანიშნავია, რომ შიო მუდმივად არც ცხოვრობდა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში, ხალხის უმეტესობა მას საკუთარ ეპარქიაში არ იცნობდა, თბილისში იყო უმეტესად და დასაქმებული იყო სამთაგან ერთერთ ქორეპისკოპოსად, თუმცა არც ამ ქორეპისკოპოსიბით არავის დამახსოვრებია საქართველოში და მედიაც არ იცნობდა მას 2017ის გიორგობამდე.
მოსაყდრეობის პირველ ხანებში მისი განცხადება, სამღვდელოება ტაძრებიდან უნდა ქუჩაში გავიდეთ საქადაგებლადო, ალბათ ბევრს ახსოვს. არ ვიცი რუსთაველის გამზირზე თუ აპირებდა საქადაგოდ გასვლას, თორემ თავისი ეპარქიის სოფლებიც კი არ დაუვლია საქადაგოდ 15 წლის მანძილზე ეპისკოპოსად მყოფს. აი ასეთი ბუტაფორიული და არაფრის გამკეთებელი მიტროპოლიტი შიო მოსკოვის პატრიარქის ემისარ მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ვიზიტიდან ერთ თვეში გამოცხადდა მოსაყდრედ. სამაგიეროდ შიო ეპისკოპოსობამდე მოსკოვში მღვდლად მსახურობდა, ეპისკოპოსობაში კი მოსკოვში სადოქტორო დაიცვა, ესაა მთელი მისი ღირსებაც და უღირსების მიზეზიც, კაცმა რომელმაც მიატოვა ომის დროს ოკუპირებული სენაკის ეპარქია 2008 წელში, ამ ყველაფრის მერე, 2015 წელს მოსკოვში იცავს სადოქტორს. სადაა მისი ღირსება და მწყემსიკეთილობა?! და ეს დოქტორობა ხომ მხოლოდ პატივის მომატებისთვისაა და მეცნიერებასთან არაფერი აკავშირებს, ესეც უცხადესია.
მოსაყდრეობაში თავი არამხოლოდ ოდიოზური ქადაგებებით და შეცდომებით დაგვამახსოვრა, არამედ იმით რომ გარდაცვლილ მღვდელმთავრები მეუფე კალისტრატე და მეუფე ლაზარე იმის ღირსადაც არ ჩააგდო, რომ სამძიმარზე მისულიყო, არც გასვენებებზე. პირდაპირ საკვირველია, მოხუც და ავადმყოფ პატრიარქს ებაძება თუ პირადი ბოღმა ჰქონდა მათდამი?! ერთი კია, რომ ცხონებული მეუფე კალისტრატე მას მოსაყდრედ არ აღიარებდა და პროტესტის ნიშნად არც სინოდზე დადიოდა და არც პატრიარქის საზეიმო წირვებზე დღიდან შიოს მოსაყდრეობისა. სამაგიეროდ მიტრ. შიომ პატივი დასდო და პირადად მივიდა მმკ-ს ერთერთი ლიდერი მღვდლის, დეკ. დ. ქვლივიძის პანაშვიდზე და ზოგადად მმკ-ს ფანატიკოსთა დაჯგუფებას აქტიურად დაუახლოვდა. ეს ბუნებრივია, მათ ხომ საერთო პატრონი მოსკოვი ჰყავთ და ერთ იდეას, საქართველოში რუსული იდეოლოგიის გაძლიერება-გაბატონებას ემსახურებიან.
და ბოლოს რიტორიკული კითხვა: რა დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე მეუფე შიოს, რომ ან მოსაყდრედ იყოს, ან სამომავლოდ პატრიარქად?!-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: შედეგის მისაღწევად საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს