რა ცვლილებები მოხდა საზოგადოების განწყობებში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ – NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში უფრო მეტ მოქალაქეს მიაჩნია, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს;

ასევე, გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს და მეტ უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე;

NDI-ის დაკვირვებით, მეტი მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ევროკავშირთან უნდა ჰქონდეს. ასევე, გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს.

NDI: 97% არ აპირებს ქვეყნის დატოვებას და ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო მისი სახლია
უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, ომის დაწყებამდე გამოკითხულთა 29% და 30% მიიჩნევდა, რომ საქართველოს ევროკავშირთან უნდა ჰქონოდა შესაბამისად ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირი. ომის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 40% და 42%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება რუსეთს, ოკუპანტი ქვეყანა მთავარ პოლიტურ და ეკონომიკურ პარტნიორად შესაბამისად 24% და 29%-ს სურდა, რაც ომის დაწყების შემდეგ, 13% და16%-მდე შემცირდა.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 82%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მათგან კი, ომის დაწყებამდე მოსახლეობის 55% მიიჩნევდა, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკასა და უსაფრთხოებას გააძლიერებდა. ომის დაწყების შემდეგ, ეს მაჩვენებელი 62%-მდე გაიზარდა.

NDI-ის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, 18%-დან 10%-მდე შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველო მეტს სარგებელს მიიღებს თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ამასთან, პირიქით, 65%-დან 69%-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს.

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა – 3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს – ფოკუს ჯგუფების მეშვეობით.

3-15 თებერვალს 2 036 დასრულებული ინტერვიუ (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%-ია. 9-20 მარტსინტერვიუების რაოდენობა 2 024 იყო (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). ამ შემთხვევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ფოკუსჯგუფებს, ონლაინ-დისკუსიები თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში,
ახალქალაქსა მარნეულში ჩატარდა. თითოეულ ქალაქში ორი ჯგუფი გამოკითხეს.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს
შემდეგი სტატიასაზოგადოების 66% რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრეა -NDI