რა ჩაიფიქრა ალასანიამ

alasania-ivanishviliრატომ უნდა მიეცა ფული ივანიშვილს „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერისთვის

 

ირაკლი ალასანიასა და მისი თანაგუნდელების პოლიტიკიდან წასვლაზე, ცხადია, დიდხანს იჭორავებენ და ათასი ჭორ-მართალიც ერთმანეთში აიზილება. უკვე დაიწყეს იმაზე ხმების გავრცელება, რომ ალასანიამ ივანიშილისგან თითქოს ფული აიღო და პოლიტიკას ზურგი ამიტომ აქცია. ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია და ვიანიდან პოლიტიკაც ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ბუნებრივია, რამეს პოლტიკაშიც ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ მოდით, განვიხილოთ ის ვერსია, უფრო სწორად, დავსვათ კითხვა, რა მიზნით უნდა მიეცა ყოფილ პრემიერს ფული თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის?

 

იმ შემთხვევაში, „თავისუფალი დემოკრატები“ ზეპოპულარული პარტია რომ ყოფილიყო, ანუ იმის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, არჩევნები ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მოეგო, მაშინ კიდევ გასაგები იქნებოდა ფულის თემა, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ „თავისუფალი დემოკრატების“, ესე იგი, აწ უკვე ირაკლი ალასანიას ყოფილი პარტიის გულშემატკივრები, ძირითადად, ინტელექტუალები და საზოგადოების ის წარმომადგენლები არიან, რომლებიც არ თვლიან, რომ დასავლეთი გვრყვნის და შესაბამისად, არც მოსკოვში 37 მანეთად ფრენაზე ოცნებობს.

 

ამას გარდა, თავად ალასანია, როგორც პიარტექნოლოგები ამბობენ, წმინდა დასავლური ლიდერია, ანუ ის არ აკეთებს მასაზე გათვლილ განცხადებებს და მხოლოდ იმ მოცემულობიდან ამოდის, რაც ქვეყნისთვის სწორად მიაჩნია. ეს გამოჩნდა საარჩევნო კამპანიის დროსაც – ალასანია აქცენტს ვინმეს გინებაზე და კრიტიკაზე კი არ აკეთებდა, არამედ, ცდილობდა, ხალხისთვის ის შესაძლებლობები და პერსპექტივები დაენახვებინა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს.

 

ამ მცირე არგუმენტის გათვალისწინებით, უბრალოდ, გაუგებარია, ივანიშვლს რა მიზნით უნდა გადაეხადა ალასანიასთვის ფული? შესაბამისად, როგორც პოლიტიკის სპეციალისტები ამბობენ, ეს ხმები უფრო შავი პიარის ნიშნებს შეიცავს და ალბათ, სამომვლოდ, იმაზე არის გათვლილი, რომ ალასანიას, როგორც პოლიტიკური ფიგურის დისკრედიტაცია მოხდეს.

 

ზოგადად, გავლილ პოლიტიკურ ცხოვრებას თვალს თუ გადავავლებთ, ალასანიას მიმართ დისკრედიტაციის მცდელობა ხშირად ყოფილა. გავიხსენოთ თუნდაც ის პერიოდი, როცა „თავისუფალი დემოკრატები“ ჯერ კიდევ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ – მაშინდელმა პრემიერმა ალასანიას პირად ცხოვრებაზე, რომელიც იმ პერიოდისთვის თავდაცვის მინისტრი გახლდათ, საჯაროდ ილაპარაკა.

 

ისე, ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ალასანიამ სწორედ მაშინ დაშუვა შეცდომა, როცა ეს ჭორაობა საჯაროდ არ გააპროტესტა, მაგრამ ალასანიამ იმხანად სხვა სტრატეგია აირჩია.

 

ზოგადად, დასავლეთში მიღებული პრაქტიკაა, რომ როცა პარტია არჩევნებში მარცხდება, პარტიის „ლიდერშიფი“, მათ შორის, თავმჯდომარეც იცვლება ხოლმე. თუ ამ მჭრილში განვიხილავთ, ირაკლი ალასანიას უჩვეულო ნაბიჯი ნამდვილად არ გადაუდგამს, თან მან ცალსახად განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამუდამოდ კი არ მიდის, არამედ, დროებით გადის და იქვე აღნიშნა, რომ მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაიწყებს. აქედან გამომდინარე, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ალასანია, როგორც გამოკვეთილი ქართველი პოლიტიკოსი, დროებით ტაიმ-აუტს იღებს და ქართულ პოლიტიკაში უეჭველად დაბრუნდება, თუმცა ამთავითვე ნათელია, რომ ეს დაბრუნება ია-ვარდებით მოფენილი არ იქნება და იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილში ნდობა აღიდგინოს, სერიოზული ძალისხმევა მოუწევს.

 

ამასთან, ის გარემოებაც გასათვალისწინებელია, რომ იმ პერიოდში, ვიდრე ალასანია პოლიტიკიდან „გასული“ იქნება, პროდასავლური იდეების სრული მარგინალიზაცია მოხდება, რადგან იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მტკიცებით ფორმაში აცხადებს, რომ ერთადერთი პროდასავლური ძალა ამ ქვეყანაში თვითონ არის. მართალია, 8 ოქტომბრის არჩევნებში „ნაციონალებს“ ხმა 500 ათასმა ადამიანმა მისცა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიას, რომლის კისერზეც უამარავი ცოდვაა, მოსახლეობის აბსოლუტური ნდობა ოდესმე ექნება. სწორედ ამის გათვალისწინებით, ისევე როგორც „ნაცმოძრაობა“ არის მარგინლიზებული და ოდიოზური ძალა, არებობს საშიშროება, რომ ევროატლანტიკური ღირებულებების „გატრიზავებაც“ მოხდეს.

 

ამ კუთხით ალასანიას ნაბიჯი შეიძლება, შეცდომად ჩავთვალოთ, თუმცა პოლიტიკა ის სფეროა, სადაც მიზნის მისაღწევად ყველაფერი „მოსულა“, ანუ ალასანიას ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, როგორც ჩანს, გარკვეულ მიზანს ემსახურება, თუმცა ამ ყველაფერში უცნაური ის არის, რომ „თავისუფალ დემოკრატებში“, ამჟამინდელი მონაცემებით, მხოლოდ ნინო გოგუაძე და კიდევ რამდენიმე, მეტ-ნაკლებად ცნობადი სახე დარჩა. შესაბამისად, ლეგიტიმურია ეჭვის იმის შესახებ, რომ პარტია, ადრე თუ გვიან, თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს.

 

ამ ფონზე მედიაში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალასანია პოლიტიკაში შესაძლოა, ახალი პარტიით დ ახალი გუნდით დაბრუნდეს, თუმცა მის გვერდით ისევ იქნებიან ალექსი პეტრიაშილი და ნინო გოგუაძე.

 

კიდევ ერთ დეტალი: ალასანია პირველი არ არის, ვინც არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ასე, მაგალითად, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, პოლიტიკას „ახლების“ მაშინდელი ლიდერი, დავით გამყრელიძე ჩამოსცილდა.

 

ამასთან, ბოლო წლებია, პოლიტიკურად აღარ აქტიურობს ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი იყო და ემუქრებოდა კიდეც, „მიშა მოვდივარო“. ლევან გაჩეჩილაძე, მოეგხსენებათ, ვერ მოვიდა. სამაგიეროდ, მოვიდა ივანიშვილი და მისი „ოცნება“, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში, პრინციპში, საკონსტიტუციო უმრავლესობას შექმნის და ქვეყანას ისეთი გზით ატარებს, როგორც თვითონ მოუნდება, თუმცა ზოგიერთი იურისტი ამბობს, რომ ერთპარტიულობა შესაძლოა, ცუდიც არ იყოს, რადგან კონსტიტუციაში შეიძლება, ის ხარვეზები გამოსწორდეს, რაც თავის დროზე „ნაციონალებმა“ მიზანმიმართულად დაუშვეს.

 

ამას გარდა, ხალხი მიხვდება, რომ ერთპარტიულობა ცუდია და 2020 წელს აბსოლუტურად სულ სხვანაირ გადაწყვეტლებას მიიღებს. ასე რომ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ალასანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისე მოგვევლინოს, როგორც პოლიტიკის ახალი ვარსკვლავი.

banner
წინა სტატიაში“ნორმანდიული” ფორმატის შეხვედრა პუტინის გარეშე ჩაივლის
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებად ზაზა თავაძე და ირინა იმერლიშვილი წარადგინეს