პარლამენტში ინტერპელაციისას, “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაგეგმილი მასშტაბური ცვლილებები განიხილა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მის სრულ მოდერნიზაციასა და საუნივერსიტეტო კლინიკად გარდაქმნას გეგმავს, რაც სამედიცინო განათლების სისტემის ახალი სტანდარტების შექმნას უნდა ემსახუროს.
ხარჯებზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის ზუსტი ბიუჯეტი ჯერ ვერ განისაზღვრება, რადგან პროექტისთვის აუცილებელი არქიტექტურული გადაწყვეტა ჯერ არ არის მზად. მისი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა ასეულობით მილიონს მოითხოვს, ხოლო ნაწილის კომპენსირება იმ შენობების რეალიზაციით იგეგმება, რომლებიც უნივერსიტეტების ფუნქციას არ უკავშირდება.
„რაც შეეხება ბიუჯეტს, ბიუჯეტის სრულად გაანგარიშება ჯერ შეუძლებელია, რადგან, პირველ რიგში, ხარჯტევადი არის ინფრასტრუქტურის ნაწილი და ვიდრე არ გვექნება ინფრასტრუქტურის კონკრეტული პროექტი, მანამდე შეუძლებელია საუბარი ხარჯებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეულობით მილიონი დაჯდება ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა შეიქმნას. ვფიქრობ, ხარჯების კომპენსირება უნდა მოხდეს კონკრეტული შენობების რეალიზაციით, რომელსაც არ აქვს კავშირი უნივერსიტეტების იდენტობასთან და შეიძლება მათი რეალიზაცია იყოს საინტერესო კომერციული თვალსაზრისით. შენობების გადანაწილება არ შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტს. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის. მთლიანობაში, ეს სივრცე მეტად განვითარდება, რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩათვლით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, იდეალური პირობები შევქმნათ რამდენიმეწლიან პერსპექტივაში, სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის.
ოპტიმიზაციის პირობებში უზრუნველყოფილი იქნება ხარჯების დაზოგვა ყველა მიმართულებით. იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმა გამოიწვევს აკადემიური პერსონალის სახლში გაშვებას, რაც ცარიელი სპეკულაციებია. პირიქით, ამ რეფორმის გატარების პირობებში ჩვენ მაქსიმალურად დაგვჭირდება უნივერსიტეტების უზრუნველყოფა რესურსებით და სახელმწიფო ორიენტირებული იქნება, რომ პირიქით, ახალი რესურსები მოიზიდოს, როცა საქმე ეხება ადამიანურ რესურსებს,“ – განაცხადა კობახიძემ.
















