რა აკავშირებთ კოდუას და მადლენას?!

„თაიმერი“ აგრძელებს ყოფილ პატიმართან, ჯიმშერ ჩაჩიბაიასთან ინტერვიუს. შეგახსენებთ, რომ „თაიმერმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინტერვიუს პირველი ნაწილი (იხ. ბმულზე http://www.timer.ge/uprecedento-gadatskhvetileba-gaerom-saqarthvelo-patimris-tsinashe-damnashaved-aghiara/ ) სათაურით : „ უპრეცედენტო გადაწყვეტილება – გაერომ საქართველო პატიმრის წინაშე დამნაშავედ აღიარა“. ინტერვიუში ჯიმშერ ჩაჩიბაიას საუბრობს იმ კანონდარღვევებზე, რასაც მისი და მისი ვაჟის წინაზე ჰქონდა ადგილი.
ცოტა ხნის წინ ბატონი ჯიმშერი შვიდწლიანი, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ იქნა და მან, საქართველოს რეალობაში პირველმა და პირველად მოიგო პროცესი, რომლის შესახებაც თავად გვიამბობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ძალიან საინტერესო ინტერვიუს რამდენიმე ნაწილად წარმოგიდგენთ, დღეს მეორე ნაწილს გთავაზობთ.
ჯიმშერ ჩაჩიბაია და მისი ვაჟი ელიზბარ ელიზბარაშვილი, ბავშვობიდან ინვალიდი, დიაბეტით დაავადებული, დაკავებულ იქნენ 2010 წელს. მამა-შვილს, რომლებიც სასტიკად აწამეს, სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მძევლად აყვანის, უკანონო იარაღის მუხლებით.
ჯიმშერ ჩაჩიბაია, ექიმი, პროფესორი:
_ ჩვენ გამოვითხოვეთ დოკუმენტები, სადაც წერია რომ დაკავების დღეს, ჩემს შვილთან, ზეწოლის მიზნით, არის მისული გამომძიებელი ტარიელ ალავიძე. ალავიძე იქ დარჩა სამი საათი, ისმის კითხვა – რას აკეთებდა გამომძიებელი ამდენ ხანს იქ, მაშინ, როცა, ჩემი შვილის დაკითხვა გრძელდებოდა მხოლოდ ნახევარი საათი?! ანუ, 2,5 საათი ეს ჯალათი ჩემს შვილს აიძულებდა, რომ მას არ ეთქვა ნაწამები ვარო, ამასთან მინდა გითხრათ რომ ტარიელ ალავიძემ ჩემი ვაჟი ცემა, მუშტი ჩაარტყა მუცელში.
_ სად მუშაობს?
_ ჯერ ითქვა, რომ თითქოს ის ცემის გამო გააგდეს სამსახურიდან, ეს სასამართლოზე თქვა ხარებავამ. მაგრამ ჩვენ გავარკვიეთ, რომ ის ჭიკაიძემ დანიშნა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოში, დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსად. ამჟამად, ალავიძე მუშაობს სასაზღვრო პოლიციის ანალიტიკური დეპატრამენტის უფროსად. შესანიშნავადაა! არც არავინ დაკითხა, მიუხედავად იმისა, რომ ხელი დავადე. არც აბდუშელაშვილი, არც ბექაური, არც სხვები არავინ დაკითხეს. ანუ, რომ ჰკითხო ამათ, ატარებენ გამოძიებას და როგორ?
სად მუშაობს ნოდარ გეგეშიძე? ის ამჟამად დანიშნეს ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს უფროსად, ეს ის სამმართველოა, სადაც პაკელიანს ჩაუდეს ნარკოტიკები, ცემდნენ. ე.ი. ის აგრძელებს თავისი უფროსის, კოდუას, პოლიტიკას.
_ კიდევ ვინ მოდიოდა დროებითი დაკავების იზოლატორში თქვენთან?
_ ალავიძე, საბუთების თანახმად, მოსულია ორჯერ, ჩემთან შემოვიდა ნახევარი საათით, ჩემს ვაჟთან 3 საათით. შემდეგ მოვიდა 12-ში, ალავიძემ მე წამიყვანა სასამართლოდან ციხეში. ამ დროს მაიძულებდა, არ მეთქვა რომ გვაწამებდნენ, გვცემდნენ და გვეღიარებინა ის, რაც არ ჩაგვიდენია და რასაც ბრალად გვდებდნენ.
ამის გარდა ჩვენთან მოვიდა და დაფიქსირებულია, ფრანკ ანკოსი (იცკო დასენის დანიშნულია, მისი კარიკატურაა), რომელიც იძახდა, ბაბუაჩემი კომუნისტებმა ზეთში მოხარშეს, ტახტის მემკვიდრე ვარო და რომ მასთან საბჭოთა დროს იმალებოდა ოჯალანი. დაფიქსირებულია როგორ მოდიოდა ის ჩვენთან, როგორ გვაიძულებდა სასურველი ჩვენება მიგვეცა და ა.შ.
_ წამლებს თუ გაძლევდნენ?
_ მე მომცეს ორი აბი ვალიდოლი და კოფეინი წვეთებში, ეს იმ დროს, როცა წნევა 80/60-ზე იყო… ამის შემდეგ წელიწადში ორჯერ სეზონის მიხედვით ვკარგავ გონებას, ვერ დავდივარ და ა.შ.
_ ვიდრე მართლმსაჯულების თემას შევეხებოდე, ჩვენი მკითხველისათვის უფრო ნათელი რომ იყოს, მინდა მოკლედ მითხრათ რა იყო თქვენი და თქვენი ვაჟის დაკავების მიზეზი?
_ თითქოს მე ავიყვანე მძევალი, გვარად სოლომონია… 2007 წლის 12 ივნისს თითქოის ინტერნეტკლუბში მივსულვარ, საიდანაც დაიწყო „საქმე“. სს საქმეში არსებობს 4 ფოტოსურათი ამ საკითხზე. აჩვენეს ეს სურათები სოლომონიას ძმისშვილს, რომელიც იძლევა ჩვენებას, რომ თითქოს მე ამომიცნო. ამავე დროს ჩვენებების თანახმად, თითქოს ელექტრონულ ფოსტაზე ჩემი გაგზავნილი წერილი გახსნეს, მაგრამ აქ მოუვიდათ „იაღლიში“ წერილის გაგზავნამდე 2 საათით ადრე გაუხსნიათ ფოსტა და ორი საათის შემდეგ გასაგზავნი წერილი გაუხსნიათ – წინასწარ! მეტიც, გამოუგზავნია პასუხი! სოლომონია ამბობს, რომ მე შემხვდა 19 საათზე და ამ დროს წვიმდა. ჩვენ გამოვითხოვეთ ოფიციალურად ამინდის პროგნოზი, სადაც გვეუბნებიან რომ წვიმა დაიწყო 18:12 საათზე. სოლომონია, როგორც ჩანს, ამ დროს მართლა შეხვდა ვიღაცას, მაგრამ ამ დროისთვის ფოსტაზე პასუხი უკვე გაგზავნილი აქვს. საინტერესო დეტალია, არა? როგორ მხედავენ მე ამ დროს? ის ამბობს, რომ მე დამინახა ზურგიდან და აღწერილობისას ამბობს, რომ მაქვს უკან გადავარცხნილი თეთრი თმა.
_ თმა?
_ დიახ, თმა. თქვენ ხედავთ ჩემს თავზე თმას? არა, ხომ? სურათზე უთმო ადამიანი „ამომიცნო“, როგორც უკან გადავარცხნილი ჭაღარათმიან ადამიანად. ეს „ჩვენება“ გახდა საფუძველი.
_ მაგრამ მე რეალურ საფუძველს გეკითხებით.
_ 11-ში კოდუამ და ბედიამ დამიწყეს ძველი საქმის ტრიალი. რას ნიშნავს ეს: ჩემი ცოლის ძმა, დავით შონია, იყო ჯაბა იოსელიანის მოადგილე. იყო პერიოდი, როცა მისი ციხეში ჩასმა უნდოდათ, ბევრ საქმეს აბრალებდნენ და მათ შორის იყო მადლენას საქმეც. ბედიამ ჩვენთან კარადაში ჩადო მჭიდი, წარწერით – მადლენა 93.
_ აჰა, ახლა გასაგებია.
_ რა საქმე აქვს 2010 წელს „მადლენა-93“-ს ჩვენთან, როცა მჭიდი იყო ახალი, უნომრო ვაზნებით. მინდა გითხრათ, რომ ბინა, სადაც ვცხოვრობდით, იყიდა ჩემმა სიმამრმა 2002 წელს, ანუ, ბრალდებას თუ დავუჯერებთ 2002 წლიდან ვინახავდი ახალ მჭიდს „ძველი“ წარწერით? ჰოდა, მეუბნებიან მოგვიყვეი ყველაფერი რა მოხდა მაშინ და ჩვენთან იქნები, შენ გაგიშვებთო.
_ იცოდით რამე?
_ არა, საიდან? არც არასდროს მინახავს ეს მადლენა, არც ვიცი ვინაა. მადლენა თავად დააკავეს საზღვრის გადაკვეთაზე და გაუშვეს და რაკი, ჩემი ცოლის ძმა შონია იყო, მომადგნენ მე. ამ ფაქტს წინ უსწრებდა ერთი ამბავი: 1996 წელს ჩემს სიმამრთან ერთად მივდიოდი, რა დროსაც ჩამიდეს დაჟანგული, გადაკეთებული გაზის პისტოლეტი და მაკაროვის ორი ვაზნა. რისთვის მსჯიდნენ? ჟანგიანი, გადაკეთებული იარაღისთვის? რაში მჭირდებოდა? მითუმეტეს, ჩემს სიმამრს, დამსახურებულ მეტყევეს, ნაპოლეონ შონიას, იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. მოკლედ, ეს დამაბრალეს მე და მითხრეს მეღიარებინა. ვინ ფიგურირებს ამ საქმეში: ბათუ საღინაძე, რომელიც ამ ხელისუფლებამ გახადა პოლიტპატიმარი. საღინაძის „ბუდეშია“ გაზრდილი მურღულია, მურღულიამ დააბრუნა საღინაძე სისტემაში და „თავისი ოინებით“ უნდოდა დაემკვიდრებინა სახელი, ამიტომ „აღმომაჩნდა“ მე ჟანგიანი იარაღი, რაც არ დადასტურდა ჩემი რომ იყო, მაგრამ ფაქტი დარჩა ფაქტად.
_ მადლენას გამო?
_ რათქმა უნდა, მაქვს ეჭვი რომ ბედია მუშაობდა საღინაძესთან (შნირად) და ამიტომ „დაატრიალა კარუსელი“. ამბობდნენ, რომ მათ ჰქონდათ ყველა მტკიცებულება, რომ მე გავიტაცე სოლომონია, მითხარით მაშინ რა საჭირო იყო მჭიდის და ტყვიების ჩადება? როდესაც მე უარი ვთქვი აღიარებაზე, ამის შემდეგ ბრალში დამიმატეს გამოძალვა, ჩემს შვილს დაუმატეს ნარკოტიკი, მძევლის აყვანა. მოკლედ, იმდენი ბრალი დაგვიმატეს, ვიდრე სასჯელი 30 წლამდე არ ავიდა. 2012 წელს უზენაესმა მოგვიხსნა გამოძალვის ფაქტი, რომელიც არ მტკიცდება, მაგრამ დაგვიტოვა მძევლად აყვანა, რადგან, თურმე გამოძალვა შედის როგორც მძევლად აყვანის ნაწილი.
გაგრძელება იქნება

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის საქმე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა