ქვემო სამგორში, წმინდა ბარბარეს უბანში მულტიფუნქციური სპორტული სივრცე ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელში არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტული სივრცეების მოწყობას ახორციელებს. 2 523 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცე და სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა განთავსდება.

მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა FIFA-ს სტანდარტების მინი ფეხბურთის სტადიონი. 40×25 ზომის ხელოვნურსაფარიან მოედანთან გაკეთდება 60 ადგილიანი მაყურებელთა ტრიბუნა და სტადიონის განათების სისტემა. მოედნის გარშემო 140-მეტრიანი სარბენი ბილიკი განთავსდება. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა კალათბურთისა და ფრენბურთის კაუჩუკისსაფარიანი მოედანი და ფიტნეს ზონა, რომელშიც ათი ტრენაჟორი დამონტაჟდება.

ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, სადაც სკამები და ურნები განთავსდება, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება და გარე განათების სისტემა დამონტაჟდება.

პროექტის ღირებულება 614 ათასი ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „პე ბე“ ასრულებს.

banner
წინა სტატიაშიკაცს, რომელმაც ყოფილ შეყვარებულს ბენზინი მიასხა, 17 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ეს ხალხი გაჭირვების ტალკვესია პუტინის – ყველა ასეთ მომენტში