,,ქვეყნის უბედურებაა, რომ 4 წლის თავზე მთავარ მიღწევად პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრება სახელდება”

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

სწორედ ესაა ჩვენი ქვეყნის უბედურება, რომ 4 წლის თავზე მთავარ მიღწევად პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრება სახელდება, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების” თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მივესალმები, რომ დღეს პრეზიდენტის გამოსვლას ესწრებოდა მთავრობა. კარგია, რომ პრემიერ კვირიკაშვილის ინიციატივა საქართველოს მთავრობის მიერ იქნა გაზიარებული, უბრალოდ მე მინდა, მინისტრთა კაბინეტის წევრებს შევახსენო, რომ მინისტრთა კაბინეტი არის კოლექტიური ორგანო და არა ერთი რომელიმე კაცის ჭკუით ან გემოვნებით გადაწყვეტილების მიღების ორგანო. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ, დაწყობილები ამტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტთან მისვლა ნებისმიერ ფორმატში იყო საქმიდან მოცდენა. დღეს მე ვიყავი ბედნიერი, როდესაც ვხედავდი გაჭიმულ მინისტრებს პრეზიდენტის წინაშე.

როგორც იქნა, დავესესხები დავით ბერძენიშვილს, საქართველოში 4 წლის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” თურმე მიაღწია ჰარმონიას და გადადგა წინ უზარმაზარი ნაბიჯი – მთავრობა დაესწრო პრეზიდენტის მოხსენებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის უბედურება, რომ ამ 4 წელიწადში მთავარ მიღწევად სწორედ დღევანდელი დღის ეს ფაქტი სახელდება”, – განაცხადა ბობოხიძემ.

დეპუტატმა “რესპუბლიკელებს” შეახსენა, რომ ისინიც არიან პასუხისმგებელნი იმაზე, “რა არანორმალური ვითარებაც იყო შექმნილი პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში”.

რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, ბობოხიძის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი ტონი საკმარისად კრიტიკული არ იყო და ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყნის მოსახლეობა დგას. ბობოხიძის ვარაუდით, ეს ტონი განაპრობა იმანაც, რომ “კვირკაშვილმა თითქოსდა თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადადგა”.

“მაგრამ მე მაინც მგონია და ვეჭვობ, რომ ეს არის წმინდა გარეგნული სახე და ამის უკან არაფერი იმალება, იმიტომ რომ იმ ადამიანმა, ვინც რეალურად მართავს დღეს ქართულ პოლიტიკას, მკაფიოდ მოუნიშნა სამოქმედო არეალი და განუსაზღვრა, რომ ვერავის და მათ შორის, ვერც ბატონ კვირიკაშვილს ვერ მისცემს თქვენი გაპრავების შანსს. თქვენ შემთხვევით არ გეუბნებათ ეს გუნდი, რომ მათი არჩეული ხართ. დიახ, თქვენ ნამდვილად ხართ ის ადამიანი, ვინც იბრძოდით “ქართული ოცნების” გამარჯვებისთვის და “ქართული ოცნება” ნამდვილად არის ის გუნდი, რომელიც იბრძოდა თქვენი გამარჯვებისთვის. ამიტომ თქვენ ასეთი შუალედური, რბილი, ნეიტრალური ტონით ვერაფრით ვერ გაექცევით იმ პასუხისმგებლობას, რომელიც “ქართულ ოცნებას” და აქედან გამომდინარე თქვენც გეკისრებათ ქართველი ხალხის წინაშე. არ გამოადგება ქვეყანას ის რაღაც ზომიერი შუალედური პოზიციები, რომელსაც თქვენ სხვადასხვა პროცესების შეფასების დროს გამოთქვამთ ხოლმე. ეს არ არის საკმარისი, თქვენ გაცილებით უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გევალებათ. თუ თქვენ გინდათ საქართველოს ისტორიაში შეხვიდეთ როგორც პრზიდენტი, რომელმაც თავის კვალი დატოვა საქარათველოს ისტორიაში, თქვენ მოგიწევთ უფრო მკაფიო, უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა”, – მიმართა აკაკი ბობოხიძემ პრეზიდენტს.

banner
წინა სტატიაშიკახა ოქრიაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის მხარე არ გახდეს
შემდეგი სტატია“ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართალი,”