ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, პარლამენტში ერთსულოვნებაა – პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებთან, დუნკან ჰანტერთან და მარკ სანფორდთან გამართა.

კონგრესმენებმა დავით უსუფაშვილს საქართველოს ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, საქართველო საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანას აქტიურად გააგრძელებს.

მხარეებმა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს, ასევე, შეაფასეს NATO-ს ვარშავის სამიტის შედეგები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებიც. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში, ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის ერთსულოვნებაა. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარებაც.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებთან შეხვედრას, დავით უსუფაშვილთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე, ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით ონოფრიშვილი და მეგობრობის ჯგუფის წევრი, დავით დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალია ფაფიაშვილის დედის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიადაწყებითი კლასის 3024 მოქმედი და მსურველი პედაგოგიდან გამოცდა 31-მა ჩააბარა – ზაფხულის გამოცდის შედეგები