,,ქვეყნის საერო ხელისუფლების შექმნაში დიდი როლი ითამაშა მართლმადიდებელურმა ეკლესიამ“

თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში პატიმრების შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭებასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და პოლიტიკოსების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით ეს საკითხი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის და საპატრიარქოს ნათელი განცხადების შემდეგ დაიხურა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს გააზრებული არ აქვს სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპები:
„ამ ორი დღის განმავლობაში დაბნეულმა პოლიტიკურმა პოზიციებმა გვაჩვენა, რომ ხშირად პოლიტიკოსებს ბოლომდე არ აქვთ გაზრებული სახელმწიფოებრიობის ძირითადი დეტალები და პრინციპები, რაც ძალიან ნათლადაა განსაზღვრული და რომელთანაც თამაში სახელმწიფოსთვის სირთულეს წარმოადგენს. ჩვენ ვართ საერო სახელმწიფო. სასულიერო და საერო ინსტიტუტებს შორის არსებობს ყველასთვის სასარგებლო , ძალიან ნათელი ზღვარი. მე არ დავიწყებ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადების კომენტირებას. როდესაც ჩვენ უცებ გადავწყვეტთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტები, ეს თავისთავად დასაფიქრებელია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ხშირად ხდება, რომ ძალიან ფუნდამენტური საკითხები უცებ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, უცებ უნდა აღმოვაჩინოთ ამერიკა, უცებ უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო, უნდა აღმოვაჩინოთ, რომ არსებობენ ინსტიტუტები, ძალთა გადანაწილება და ერთმანეთის კონტროლი. ამის აღმოჩენები ხდება ხოლმე სპონტანურად.“- განაცხადა გიორგი მარგევლაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის რომ საქართველო საერო სახელმწიფოა ეს ისტორიული არჩევანია.

„მე არ დავსვამ კითხვას იმის შესახებ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა თუ რელიგიური. ამაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. 21-ე საუკუნის საქართველოში რომელსაც ევროპის რენესანსზე ადრე ქონდა რენესანსი, ჰქონდა რუის-ურბნისის კრება, ჰყავდა დავით აღმაშენებელი, ჭყონდიდელი, რუსთაველი, ქვეყანაში რომელმაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ამ ქვეყანამ ჩამოაყალიბა საერო ხელისუფლება, რომელის შექმნაშიც დიდი როლი ითამაშა მართმადიდებლურმა ეკლესიამ – ამ ქვეყანაში ვსვამთ კითხვას, რომ არ შევატრიალოთ ჩვენი 3 ათასწლიანი განვითარების ვექტორი სხვა მიმართულებით?! რატომ უნდა ვიყოთ ასეთი გაუცხოებული ჩვენს ისტორიასთან? თანამედროვეობასთან?“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრს ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
შემდეგი სტატიარომელი ქვეყნის თვითმფრინავმა დაბომბა ასადის არმიის ბანაკი…?