,,ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკების, შედეგების გათვლას, ეს პირობა დაირღვა, რის შედეგადაც მივიღეთ რუსი დელეგატი პარლამენტის უმაღლეს სავარძელზე”

პოლიტიკა, ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკებისა და შედეგების წინასწარ გათვლას, ეს პირობა გუშინწინ და გუშინ დაირღვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც ბელარუსში ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში დაბრუნდა.

მისი თქმით, ხელისუფლება და კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო ვერ მოიხსნის მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

„ერთი მხრივ, ხელისუფლება და კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე და უკვე ვნახეთ, რომ მან არ მოიხსნა ეს პასუხისმგებლობა. პოლიტიკა, ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკებისა და შედეგების წინასწარ გათვლას. ეს პირობა გუშინწინ და გუშინ დაირღვა, რის შედეგადაც მივიღეთ მართლმადიდებლური ასამბლეის გაუმართლებელი მოწვევა, სრულიად მიუღებელი ფორმატი და რუსი დელეგატი პარლამენტის უმაღლეს სავარძელზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, მომხდარმა უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს საზოგადოებას და გამოიწვია მთელი ერის პროტესტი.

ამასთან, მან აღნიშნულ მოვლენებში გარკვეული პროვოკაციის ნიშნებიც არ გამორიცხა.

„არ არის გამორიცხული, რომ ამ მოვლენების განვითარებაში გარკვეული პროვოკაციების ნიშნები იყოს, მაგრამ ეს ვერ იქნება პასუხისმგებლობის შემცირების მიზეზი. პასუხისმგებლობის აღებაში იგულისხმება მოვლენათა მთელ ჯაჭვზე განმარტების გაკეთება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. ველოდები, რომ ხელისუფლება ამ ტრაგედიას სწორად შეაფასებს და ყველაფერს პასუხი გაეცემა.

მეორე მხრივ, აუცილებელია, დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძის გადაყენებით კრიზისი დაიწყო, ამას აუცილებლად უნდა მოყვეს სამთავრობო კრიზისი
შემდეგი სტატიამოსკოვი თბილისის მოვლენების გამოძიებაში რუსეთის ჩართვას მოითხოვს