ქვეყნის გამთლიანება ქართული დიპლომატიის უმთავრეს გამოწვევად რჩება, აღმშენებლობის შეუქცევადი კურსით საქართველო შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს – დიპლომატის დღეს ულოცავს.

მინისტრის მილოცვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მილოცვაში მინისტრი ქართული დიპლომატიის ისტორიასა და მიღწევებზე საუბრობს.

„ძვირფასო კოლეგებო, ჩემო მეგობრებო! გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს – დიპლომატის დღეს! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართული დიპლომატია ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და განვითარების ავანგარდში!

წელს ჩვენ 100 წელი შეგვისრულდა, სწორედ საგარეო უწყება – მაშინდელი გარეშე საქმეთა სამინისტრო, 1918-1921 წლებში სულ რაღაც 40-მდე დიპლომატით, იღწვოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და დასაცავად!

ჩვენ იგივე გზა განვვლეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ – 90-იან წლებში. მახსენდება ქართველ დიპლომატთა პირველი თაობა. ადამიანები და პროფესიონალები, რომელთა საქმიანობა და შემართება გასაოცარი გმირული მუხტით იყო სავსე. ამ თაობამ ბევრი სასახელო ფურცელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში – ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული ადგილის მოსაპოვებლად საერთაშორისო ასპარეზზე.

მახსენდება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების ფეიერვერკი, საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და საქართველოს დროშის აღმართვა ნიუ-იორკში, სტამბოლის სამიტი და რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოდან, საქართველოს პირველი ევროპული და ევრო-ატლანტიკური განაცხადი, ის თუ როგორ მოიხაზა ჩვენი ქვეყანა გლობალური მნიშვნელობის ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში, მახსენდება იმ წლების უამრავი საერთაშორისო ფორუმი, სადაც სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა საქართველოს ხმა. სამწუხაროდ ქართველ დიპლომატთა იმ პირველი თაობის ბევრი წარმომადგენელი დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის, თუმცა მათი სახელი ჩვენი ქვეყნის მიღწევებშია უკვდავყოფილიყო“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დავით ზალკალიანი დღეს ქართულ დიპლომატიას შესანიშნავი ახალი თაობა ჰყავს და ისინი წარმოადგენენ ქვეყანას, რომელიც სახელმწიფოებრივი განვითარებით და მიღწეული პროგრესით თანამედროვე დემოკრატიული ევროპული სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრია.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად იცის ქართული სახელმწიფოს კეთილშობილური მიზნების შესახებ, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრებს ვეძებთ, რომ თანამედროვე მსოფლიოს ნებისმიერი გამოწვევა ჩვენი გამოწვევაცაა, რომ ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი გლობალური უსაფრთხოებისა და მსოფლიოს მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად.

ძალიან მკაფიოა ჩვენი მიზანი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაცია“, – ნათქვამია მინისტრის წერილში.

ზალკალიანის შეფასებით, ქართულ დიპლომატიის უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება ქვეყნის გამთლიანება. ამასთან, მინისტრის თქმით, მას სჯერა, რომ საქართველო ახალი შესაძლებლობებით, მშვიდობით, განვითარებით, აღმშენებლობის შეუქცევადი კურსით შეძლებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

„მილოცვასთან ერთად, მინდა სრული პასუხისმგებლობით მოგმართოთ ყველა ქართველ დიპლომატს, თქვენს ოჯახებს, მთლიანად ჩვენი ქვეყნის საგარეო სამსახურს – მინდა იცოდეთ და სულ გახსოვდეთ, რომ ქართული სახელმწიფო ზურგს გიმაგრებთ. უაღრესად გაფასებთ და თქვენს გვერდითაა თქვენი სამშობლო, რათა ჩვეული სიმშვიდით, მკაფიო ამოცანებითა და დღის წესრიგით, დახვეწილი პროფესიონალიზმით გაუკვალოთ გზები და ბილიკები თქვენს სამშობლოს გამოწვევებით სავსე მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში.

ძვირფასო მეგობრებო, გულწრფელი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენი საოცარი შემართებისთვის, სამაგალითო პატრიოტიზმისთვის, გმირული თავდადებისათვის. მინდა გისურვოთ გამარჯვებები და წარმატებები საქართველოს საკეთილდღეოდ და დაგარწმუნოთ რომ თქვენი სამშობლო სათანადოდ აფასებს თქვენს ღვაწლსა და მონდომებას“, – აღნიშნავს მილოცვის წერილში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

banner
წინა სტატიაშიდარწმუნებული ვარ, ქართული დიპლომატია კვლავ არაერთ გამარჯვებას მოუტანს ჩვენს სამშობლოს საერთაშორისო ასპარეზზე
შემდეგი სტატია“მათ სკამების დაკარგვის ეშინიათ” – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებაზე” საუბრობს