ქვეყანაში შექმნილი კრიმინალური მდგომარეობა – პარლამენტში პრემიერის გამოსვლას შს მინისტრიც დაესწრება

ქვეყანაში შექმნილი კრიმინალური მდგომარეობა – პარლამენტში პრემიერის გამოსვლას შს მინისტრი, გიორგი გახარიაც დაესწრება. მინისტრი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. პარლამენტში ასევე იმყოფება პრემიერი, მამუკა ბახტაძე. მან დეპუტატებთან შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთა.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად მძიმე ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა, არ უპასუხა.

მინისტრმა მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებას აუცილებლად გააკეთებს.

„რომ გამოვალ, კომენტარს გავაკეთებ აუცილებლად, მომეცით საშუალება, პრემიერთან ერთად მოვისმინო პატივცემული პარლამენტარების იდეები,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია არც პრემიერ-მინისტრს. მამუკა ბახტაძემ კითხვაზე – გაუარესდა თუ არა ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება, მხოლოდ ის თქვა, რომ “კითხვა არასწორად არის დასმული”.

გახშირებული დანაშაული და გაუარესებული კრიმინოგენული ვითარება – ოპოზიცია პრემიერთან შესახვედრად ემზადება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ქვეყანა დანაშაულის დონით, 90-იან წლების პერიოდს უბრუნდება. პრემიერი კრიმინოგენულ ვითარებაზე სასაუბროდ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგლამენტში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ინტერპელაციის წესით დაიბარა.

ეს ცვლილება დეპუტატთა ჯგუფს აძლევს შესაძლებლობას მთავრობის წევრი ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაიბაროს საკანონმდებლო ორგანოში.

მამუკა ბახტაძეს ოპონენტების მწვავე კითხვებისთვის მოუწევს პასუხის გაცემა, თუმცა მანამდე მთავრობის მეთაური, დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგება. “ევროპული საქართველოს” წევრები დაინტერესდებიან, რატომ არ აქვს მთავრობის მეთაურს გეგმა, ვითარების გამოსასწორებლად.

banner
წინა სტატიაში“ახალი თაობა”-ვასაძე პოლიტიკაში შემოსვლაზე ივანიშვილს უკვე შეუთანხმდა
შემდეგი სტატიაომბუდსმენი – სამართალდამცველების მიერ არასათანადო მოპყრობაზე მომართვიანობა შემცირდა – პრობლემად რჩება, რომ პროკურატურაში გაგზავნილ არც ერთ საქმეზე შედეგი არ არის