“სანამ კობახიძე რუს ტურისტებს საქართველოს სანაპიროებზე ოკუპაციის ამსახველი ბანერებისგან „იცავს“, გომის მთის გზაზე ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა და ტრაგედია დატრიალდა.
ახლა გინდა სტრატეგიები დაამტკიცეთ და გინდა დეტექტორები დააყენეთ მანქანებში – ფაქტი ერთია: ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტი არ არის. არ ხდება კანონის სათანადო აღსრულება, ეფექტიანი კონტროლი და, რაც მთავარია, პრევენცია.
თვე არ გადის, რომ მიკროავტობუსების მონაწილეობით მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ არ გავიგოთ.
2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მიკროავტობუსის ავარიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიკროავტობუსს ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა, სამუხრუჭე სისტემა გაუმართავი იყო, უსაფრთხოების ღვედები კუსტარულად იყო დამონტაჟებული და დაშვებულზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა.
რა შეიცვალა ამ ტრაგედიის შემდეგ?
რა სისტემური ზომები გაატარეთ იმისთვის, რომ ტურისტული და სამგზავრო მიკროავტობუსებით ადამიანების გადაყვანა რეალურად უსაფრთხო გამხდარიყო?
ჯარიმების გაზრდა და ვიდეოსამეთვალყურეო კამერების რაოდენობის მატება საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა არ არის – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონის აღსრულება შერჩევითია.
ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუზისმგებელი არავინაა ამ ქვეყანაში”,_ აღნიშნული პოსტით ეხმაურება პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრი ტატა ხვედელიანი გურიაში, გომის მთის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.
















