ქვეყანაში რუსული პროპაგანდა უკონტროლოდ ვრცელდება – MDF-ის ანგარიში

“მედიის განვითარების ფონდმა” [MDF] ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ კვლევა მოამზადა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას ზომავს. როგორც ირკვევა, ნარატივები ძირითადად რუსული წარმოშობისაა და გათვლილია პროპაგანდისტული მეთოდებით ადამიანების მანიპულირებაზე.

კვლევაში ნათქვამია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, გარე აქტორების ინტერესების გარდა, შიდასახელისუფლებო დღის წესრიგი უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა.

ანგარიში 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

გამოიკვეთა მთავარი მიგნებები, რომელთა შორისაა:

10 000-მდე კომენტარიდან ანტიდასავლური გზავნილების ყველაზე დიდი წილი „კოლექტიური დასავლეთის“ და ამერიკის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელთაც ევროკავშირი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მოსდევდნენ.
უკრაინის საწინააღმდეგო გზავნილები არა მხოლოდ რუსეთის უკრაინაში ინტერვენციას, არამედ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს და იდენტობის საკითხებსაც მოიცავდა.
რუსეთი ერთადერთი სუბიექტი იყო, რომელიც მოცემულ დისკურსში პოზიტიურად იყო წარმოჩენილი, ხოლო ყველა სხვა სუბიექტი – ნეგატიურად.
გამოიკვეთა ანტიდასავლური გზავნილების 5 ძირითადი თემატიკა, რომელიც 1) საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოებას, 2) დემოკრატიას, სუვერენიტეტს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, 3) უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას, 4) იდენტობასა და ლიბერალიზმს, ასევე 5) უცხოურ დახმარებას და ეკონომიკას შეეხებოდა.
საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების თემებზე მთავარი სამიზნე ევროკავშირი იყო, რაც მეტწილად კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარს უკავშირდებოდა.
მკვიდრდებოდა აზრი, რომ დასავლეთი, ამერიკა, ევროკავშირი, უკრაინა და ნატო საქართველოს ომში ჩათრევას და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობდნენ.
ომის შიშებით მანიპულირებამ უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული სიმძაფრე შეიძინა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას პოლიტიკური მანიპულირების მთავარ ინსტრუმენტად იქცა.
გამოიკვეთა თანხვედრა, ერთი მხრივ, მმართველი პარტიის („ქართული ოცნება“) და მისი სატელიტი „ხალხის ძალის“ გზავნილებსა და მეორე მხრივ, კრემლისტური პარტიების – ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსის – გზავნილებს შორის.

banner
წინა სტატიაშიტვ პირველი: “შევდივართ …. ჩერეზ რუსეთ” – გაშიფრულია გია ვოლსკის და დავით ხიდაშელის კონსპირაციული შეხვედრის ჩანაწერი (ვიდეო)
შემდეგი სტატიაბათუ ქუთელია – ვხედავთ პრიორიტეტების გადანაცვლებას ავტორიტარიზმისკენ