“ქვეყანაში დიქტატურა ყალიბდება”-ზაალ უდუმაშვილი ახალ კანონპროექტზე

ქვეყანაში დიქტატურა ყალიბდება, ცვლილებები, რომელიც გუშინ პარლამენტში დარეგისტრირდა, სხვა არაფერია თუ არა დიქტატურის დაკანონება,– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას განუსაზღვრელი უფლებები ენიჭება.

„მათ შორის ის, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებისმიერ მედიასაშუალებაში შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა და ამ მმართველსაც თავის მხრივ გააჩნია განუსაზღვრელი უფლებები, მათ შორის ისიც, რომ მედიასაშუალებების აქციების პაკეტიც გაყიდოს მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა გასაჩივრებული ჯარიმების ოდენობა სასამართლოში.

ეს სწორედ ის მეთოდებია, რომლითაც თავის დროზე ვლადიმერ პუტინმა ხელში ჩაიგდო მთელი რუსული მედია. ბიძინა ივანიშვილიც ზუსტად იმავე გზას ადგას. ეს არის 21-ე საუკუნის დიქტატორის მეთოდები, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად გვაქვს ნანახი, როგორ დაასრულეს დიქტატორებმა თავიანთი მოთვაწეობა, მათ შორის ამის მაგალითები არსებობს უახლოესი წლების განმავლობაშიც. არავის აქვს სურვილი, იგივე სცენარი განმეორდეს საქართველოში“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის განმარტებით, წელს საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვროს და არჩევნებში გადამწყვეტი როლი სწორედ თავისუფალ მედიასა და სიტყვის გამოხატვას ეკუთვნის.

„მთელი ამ წლების განმავლობაში, ყველა ერთად ვიყავით მომსწრე იმისა, თუ როგორ ებრძოდა ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ მედიასაშუალებას, რომელიც მისი გავლენის ქვეშ არ იყო. მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მედია მფლობელების წინააღმდეგ, სამართლებრივი და პილიტიკური დევნა ოპოზიციური არხების მფლობელების, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არხები განაგრძობენ მუშაობას. ამ ახალი კანონის მიხედვით კი, ხელისუფლებას ხელში ეძლევა ბერკეტი, რომლის მიხედვითაც, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე შეუძლია, ტლევიზიაში შეიყვანოს დროებითი მმართველები და პრაქტიკულად დააწესოს ცენზურა ტელევიზიაზე.

ასე რომ, ახლა, როდესაც ასეთი საშიშროების წინაშე დგას ქართული მედია, დუმილი არის დანაშაული. მე მივმართავ აბსოლუტურად ყველას, ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, ახლა არის იმის დრო, რომ ყველა ერთად აღვუდგეთ წინ ივანიშვილის სურვილს, მოახდინოს ქვეყანაში მედიის უზურპაცია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი მედიებში დროებითი მმართველის შესაძლო დანიშვნაზე-“გავაუქმებთ ამ სახიფათო კანონს”
შემდეგი სტატიაანალიტიკოსები საქართველოში 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ვარდნას ელოდებიან