ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეები აუცილებლად უნდა დაემორჩილონ საკარანტინო ზონაში გადასვლის რეკომენდაციას

ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით მაინც შეკავების ფაზაშია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ახლა ჩამოვედი ავსტრიიდან, ორი საათია და ავსტრიაში ჯერ ბევრი შემთხვევა არ არის, ორი შემთხვევა იყო ვენაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ყველაზე უფრო დაცული გარემო ჩვენს აეროპორტში დამხვდა, სტამბოლის აეროპორტთან შედარებითაც კი. ყველა მობილიზებული იყვნენ მესაზღვრეები, მებაჟეები და იქ არსებული სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები. თერმოსკრინინგიც გავიარეთ და ყველაფერი. ის პირველი ავადმყოფი, რომელიც ირანიდან გვყავს, პრაქტიკულად, საზღვრიდან იყო გადმოყვანილი; თან, სახმელეთო საზღვრიდან, წითელი ხიდიდან. ასე რომ, ეს ღონისძიებები დღეს გვაძლევს იმის საშუალებას, შიდა საზოგადოებრივი გავრცელება მაქსიმალურად გავაჩეროთ. ჯერ ამ ეტაპზე ვართ და უნდა მოვემზადოთ ისევე, როგორც მსოფლიო ქვეყანა ემზადება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, საქართველოზე მძლავრ და მდიდარ ქვეყნებში შემთხვევები ისე დაიწყო, რომ პირველი შემთხვევა ვერ მონახეს, რომელმაც ქვეყანაში ვირუსი შეიტანა, რა კონტაქტი იყო და ასე შემდეგ. ჩვენთან კი, ჯერჯერობით უკეთესი მდგომარეობაა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, შეიძლება, ვირუსის მატარებლობა სრულიად ჯანმრთელ ადამიანს ჰქონდეს და შეუძლებელია იმის გარანტიის მიცემა, რომ რომელიმე ქვეყნიდან დღესაც არ არის შემოსული ვირუსის უსიმპტომო მატარებელი.

„სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსს აქვს ასეთი თვისება, იყვნენ უსიმპტომო მატარებლები. ან შესაძლოა, ინკუბაციაშია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეები აუცილებლად უნდა დაემორჩილონ საკარანტინო ზონაში გადასვლის რეკომენდაციას, რადგან ისინი რისკის ქვეშ პირველ რიგში, საკუთარი ოჯახის წევრებს აყენებენ.

„ეს ადამიანები ხომ პირველ რიგში, მაპატიეთ და, მე არ შემიქმნიან საფრთხეს. ისინი თავიანთ ოჯახებში რომ მივლენ, პირველ რიგში, საკუთარ ოჯახებს შეუქმნიან საფრთხეს. დღევანდელი პაციენტებიდან ორივე კარგადაა, მაგრამ ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს და თვითონ თუ ადვილად გადაიტანენ, როგორც სტატისტიკამ აჩვენა, ეს ვირუსი უფროსი ასაკის ადამიანებისთვის შეიძლება, ძალიან მძიმე მიმდინარეობის იყოს და ფატალური მიმდინარეობის გამომწვევი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მისცა რეკომენდაცია, ხელები ხშირად დაიმუშაონ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით.

banner
წინა სტატიაშიკინზინგერი ელჩზე: საქართველოსთვის ამ რთულ დროში მანევრირებისას მას ჩემი სრული ნდობა აქვს
შემდეგი სტატიაუკრაინაში საქართველოს საელჩოში უკრაინაში მოღვაწე ქართველ ექიმებთან შეხვედრა გაიმართა