ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები უნდა გაათავისუფლონ

ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები უნდა გაათავისუფლონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სენატორების მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში ტერმინ „პოლიტპატიმრების“ გამოყენება ნიშნავს, რომ ისინი ცუდად არიან ინფორმირებული.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, 21-ე საუკუნეში, ბლოკჩეინისა და ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაციის არასწორად მიწოდება არ არსებობს.

„სასაცილოა ახლა იმაზე საუბარი, თურმე, ის, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, ეს ყოფილა არაინფორმირებულობის შედეგი, მაგრამ ჰგონიათ, რომ ამით საკუთარ საელჩოებს აკრიტიკებენ. სინამდვილეში ევროკავშირის სახელმწიფოებს აქ ჰყავთ 30-მდე ელჩი, ევროკავშირს აქვს საკუთარი საელჩო, არის უამრავი ანალიტიკური სამსახური. ინფორმაციის არასწორად მიწოდება 21-ე საუკუნეში, ინტერნეტისა და ბლოკჩეინის ეპოქაში, არ არსებობს. ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები უნდა გაათავისუფლონ“, – აღნიშნა გოცირიძემ.

მისი თქმით, ევროპა არავის აპატიებს თავის ფარგლებში ავტორიტარული რეჟიმის არსებობას.

„ჩვენ იმიტომ არ გვეხმარებიან 3 მილიარდით, რომ ქვეყანა დემოკრატიის განვითარებით უკან წავიდეს ან იმიტომ არ მოდის 27 000 ტონა ხორბალი ამერიკიდან, რომ აქ ვიღაცეებმა თავიანთი ძალაუფლება შეინარჩუნონ და ეს ძალაუფლება გამოიყენონ ბოროტად. ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამღა და ამით ძალიან ზიანდება არამხოლოდ მმართველი პარტია და ბიძინა ივანიშვილი, არამედ ზიანდება ქვეყანა. პოლიტპატიმრების მქონე ქვეყანას არ ეხმარებიან. დახმარებების შეწყვეტის შიშით გაათავისუფლეს უგულავა და ოქრუაშვილი, ისევე, როგორ გაათავისუფლებენ გიორგი რურუას. ოღონდ ახლა ეძებენ ლამაზად დროს, როგორ გამოუშვან ისე, რომ შემდეგ კვლავ თავი იმართლონ“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძე : ექსპერტების მიერ მუშავდება ტრანსპორტის გენგეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის თბილისსა და რუსთავს შორის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება
შემდეგი სტატია“გირჩი” მთავრობის წინააღმდეგ სარჩელში კომენდანტის საათის შემოღების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს