ქვეყანამ უდიდესი უბედურება აიცილა თავიდან

news
ავტ.: news თებერვალი 13, 2017 17:11

ქვეყანამ უდიდესი უბედურება აიცილა თავიდან

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ქვეყანამ უდიდესი უბედურება აიცილა თავიდან, რადგანაც ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმა აღკვეთილია.

ამის შესახებ პრემიერი განცხადებას ავრცელებს და დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან; აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული – ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ იმუშავეს ოპერატიულად, ეფექტურად, ზედმეტი ხმაურის გარეშე და მათ თავიდან აგვაცილეს ეს დიდი უბედურება.

პირველივე წუთებიდან, როგორც კი სამართალდამცავებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეს საქმე, ბუნებრივია, აყვანილი მაქვს პირად კონტროლზე და პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას.

გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები. ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების პროფესიონალურად წარმართვა და ბოლომდე მიყვანა.

მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვაპირებ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე, დაგეგმილზე ადრე გავემგზავრო გერმანიაში და პირადად ბერლინში მოვინახულო მისი უწმინდესობა“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. აღნიშნულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლი ითვალისწინებს.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

გუშინ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

news
ავტ.: news თებერვალი 13, 2017 17:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics