“თქვენი და თქვენი უფროსისგან განსხვავებით, ქვეყანა რომ რისკის და ომის წინაშე დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს”, – ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს.
კომიტეტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, მმართველი პარტიის სამიზნე სწორედ პრეზიდენტის წარმომადგენელია.
“მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ არ ბრძანდებით პოლიტიკური თანამდებობის პირი და მინდა, ძალიან კარგად იცოდეთ, თქვენი დანიშნულება, რაც არის და არ გაკადნიერდეთ, რომ აქ პოლიტიკური შეფასებები მოგვახსენოთ და ანა წითლიძისგან განსხვავებით, რომელიც საკუთარი ხალხის სათქმელის ნაცვლად, უცხოელებს ახმოვანებს, ისე არიან დეგრადირებული პარტიულად და ისე არიან სასაცილოდ გამხდარი, რომ უმრავლესობის სახელით გვესაუბრება უმცირესობის წარმომადგენელი და ასევე, პირველი რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით, ბატონო გიორგი და თქვენი და თქვენი ხელმძღვანელის, უფროსისგან განსხვავებით, ამ ქვეყანას, რომ რისკის და ომის წინაშე დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად ევროპებში და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, საბოლოო ჯამში ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა”, – მიმართა წილოსანმა მსხილაძეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.