ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ 31% შეადგინა

ქუთაისში, 20:00 საათზე ყველა უბანი დაიხურა. ამჟამად ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 50 222 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 31% შეადგინა. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 21 საჩივარი დაფიქსირდა.

საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ საჩივრები პროცედურული ხასიათისაა და არჩვენებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

,,გასაგებია, რომ ეს იყო მეორე ტური და ორი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. მე ადეკვატურად მიმაჩნია ის აქტივობა, რაც ქუთაისში დაფიქსირდა. ორი პარტიის ამომრჩევლები იღებდნენ მონაწლეობას როგორც ჩანს. საერთო ჯამში, შემოვიდა 21 საჩივარი. აქედან საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებით შემოვიდა 93-ე, 33-ე, 66-ე, მე-80, მე-8, 108-ე, 86-ე, 55-ე უბნებიდან. ძირითადად საკონტროლო ფურცლის შევსების წესთან დაკავშირებით მითითებული დარღვევებია. ზოგან დააკლეს რეგისტრაციის ადგილი, ზოგან დააკლეს პირველი ამომრჩევლის პირადი ნომერი”, – განაცხადა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

მისი თქმით, საჩივრები გადასატან ყუთებთან დაკავშირებითაც არის.

“ერთ-ერთ უბანზე რთული სიტუაცია იყო და ჩვენ ადგილზე ვიყავით გასული. გავარკვიეთ რა ხდებოდა. ორი რეგისტრატორი, რომელიც გაჰყვა გადასატან ყუთს ,,ნაცმოძრაობიდან“ და ,,ქართული ოცნებიდან“ გამოუცდელები იყვნენ. ვერ გაარკვიეს, რომელს უნდა მოეწერა ხელი კომისიის წევრის ადგილას. პირველადი მონაცემები გვექნება გამთენიისას“, – განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირურუა ზურაბიშვილზე: ცრუპენტელა ქალი, რომელიც კარიერისტული მიზნებისთვის ყველაფერს კადრულობს
შემდეგი სტატიაჭაიათურაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა