ქუთაისის უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

ქუთაისის უნივერსიტეტში დაარსებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „COVID-19-ის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ეკონომიკაში, ბიზნესსა და მედიცინაში“ გაიხსნა.

კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, კონფერენციის ძირითადი ნაწილი ონლაინ ფორმატში, ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობს.

კონფერენცია, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესადმია მიძღვნილი, უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება და მასში როგორც ქართველი, ასევე უნივერსიტეტის პარტნიორი უცხოური სასწავლებლების პროფესორები მონაწილეობენ.

კონფერენციის მონაწილეებს და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ მიმართა, რომელმაც ისაუბრა ქუთაისის უნივერსიტეტზე, როგორც რეგიონში პირველ კერძო ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელსაც სამივე საფეხურზე (ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აქვს ავტორიზაცია და ბევრი სახელოვანი, კვალიფიციური კადრი ჰყავს გაზრდილი, აქვს სანიმუშო რეპუტაცია სამეცნიერო წრეებში და 30-წლიანი გამორჩეული როლი ქუთაისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

როგორც გოჩა თუთბერიძემ განაცხადა, ქუთაისის უნივერსიტეტის საიუბილეო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას დღესაც უმნიშვნელოვანესი მისია აქვს – არ ჩამორჩეს დროს და პანდემიის გამოწვევებს, ისაუბროს საქართველოს უახლოეს მომავალზე მეცნიერული კვლევით და პროგნოზებით, რომელიც სანდო რეკომენდაცია გახდება სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.

“საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროცესი მიმდინარე წელს არის 8,5 %, ახლა კი ჩვენ მივყვებით განვითარებადი ქვეყნების დინამიკას, რაც საკმაოდ დამაიმედებელია, მაგრამ პანდემიით გაზრდილი საგარეო ვალი და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვანი გამოწვევებია საქართველოს ეკონომიკისათვის მომავალ წლებში. ეს თემები იქნება ჩვენს კონფერენციაზე ძირითადი დისკუსიის საგანი და ჩვენი მკვლევარები წარმოადგენენ თავიანთ ხედვებს, როგორ განვითარდება საქართველოს ეკონომიკა უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა.

მან მადლობა გადაუხადა ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და კონფერენციის თანაორგანიზატორებს, ევროპის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებს.

პროფესორ იოსებ არჩვაძის მოხსენების “ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, როგორც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი გზა“ შემდეგ, კონფერენცია სექციებში მუშაობით გაგრძელდა.

ქუთაისის უნივერსიტეტი 1991 წელს „სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის“ სახელით დაფუძნდა, რომელიც რეგიონში პირველ კერძო ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენდა. დაფუძნების დროს უნივერსიტეტს ეკონომიკისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამები ჰქონდა, ამჟამად უნივერსიტეტს სამივე საფეხურზე (ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აქვს ავტორიზაცია, მათ
შორის გასულ წელს უნივერსიტეტს მედიცინის ფაკულტეტი შეემატა.

წინა სტატიაშიშვედეთის ყოფილი პრემიერი კარლ ბილდტი The washington post-ზე მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება
შემდეგი სტატიამეორე ტურში ყველას მოვუწოდებთ, რომ მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ. არცერთი ხმა ქართულ ოცნებას – სერგო ჩიხლაძე