ქუთაისის საპატიო მოქალაქეთა დარბაზი თანაქალაქელებს იოსებ ხახალეიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ქუთაისის საპატიო მოქალაქეთა დარბაზი მერის არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას “ქართული ოცნების” კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს უცხადებს.

როგორც დარბაზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იოსებ ხახალეიშვილი არ ჰყოფს თანამოქალაქეებს არანაირი ნიშნით და მისთვის მთავარი, მხოლოდ ქუთაისი და თითოეული ადამიანია და მან იცის როგორ აკეთოს საქმე ქუთაისისთვის.

“მიუხედავად იმის, რომ ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილ მოქალაქეთა დარბაზი სრულიად აპოლიტიკურ ერთობას წარმოადგენს, გულგრილი ვერ დავრჩებით იმ პროცესების მიმართ, რაც ქალაქის მომავალს ეხება. ქუთაისის ხვალინდელი დღე, წარსულის და მისი ისტორიის ცოდნის გარეშე არ არსებობს. ქუთაისელობა პრივილეგია არ არის, მაგრამ არის ვალდებულება მშობლიურ ქალაქთან და აუცილებელი პირობა – გქონდეს მისი მერობის პრეტენზია. იცნობდე ყველა უბანს, ქუჩას და ადამიანებს, მის ხასიათს და განსაკუთრებულობას, და არა მარტო იცნობდე, მისი ორგანული ნაწილი იყო.

ჩვენ, რომლებიც ტრადიციულად, ქუთაისში გაზრდილი და ქუთაისიდან წასული დიდი ქართველებით ვამაყობთ, არ გვეკადრება საკუთარს არ ვცეთ დამსახურებული პატივი და კლდიაშვილის პერსონაჟებივით დაგვემართოს. არავის ვაკნინებთ, მაგრამ ამ ქალაქის ღირსების დაცვა საჭიროდ მიგვაჩნია.

იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის წიაღში გაზრდილი კაცია. ყველა მისი თვისებით, სურვილით, ოჯახით, მეგობრებით, წარსულით და აწმყოთი. მისი ცხოვრება და საქმეც, გავლილიც და გასავლელიც, ამ ქალაქს უკავშირდება. ჩვენ, საპატიო ქუთაისელებს, ბევრჯერ გადაგვიწყვეტია მისი ძალისხმევით ჩვენი თანაქალაქელების პრობლემები.

როგორ შეიძლება არჩევანი გქონდეს ადამიანს და ის შენი თანაქალაქელის მხარდასაჭერად არ გამოიყენო, რომელიც იმსახურებს, შენნაირად უყვარს და განიცდის ამ ქალაქის ყველა ტკივილს და სიხარულს.

იოსებ ხახალეიშვილს ქუთაისი დაბადებიდან უყვარს და სიყვარულზე აღმატებული გრძნობა არ არსებობს! მან იცის როგორ უნდა აკეთოს საქმე გუნდის და თანაქალაქელების მხარდაჭერით, არის პროფესიონალი, რომელსაც ქუთაისისთვის, ქუთაისელებისთვის მხოლოდ სასიკეთო საქმეების გაკეთება სურს და ამის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს სურვილთან ერთად. იოსებ ხახალეიშვილი არ ჰყოფს თანამოქალაქეებს არანაირი ნიშნით და მისთვის მთავარი, მხოლოდ ქუთაისი და თითოეული ადამიანია.

მოგიწოდებთ, თქვენც გიყვარდეთ თქვენი ქალაქი და თანაქალაქელები. დიდი საქმეები მხოლოდ სიყვარულით კეთდება.

ჩვენი მხარდაჭერა იოსებ ხახალეიშვილს!”,- აღნიშნულია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიშა სააკაშვილი ჩამოვა და ქვეყანა აირევა, ამის საპასუხოდ ვუთხარი, რომ იგი არის ციხეში
შემდეგი სტატიაეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა