ქუთაისი-ვარშავის რეისზე ცრუ შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე განხორციელდა

ქუთაისი-ვარშავის რეისზე ცრუ შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს

„დადგენილია ზარის ავტორი და გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ მიიღო გადაწყვეტილება, ქუთაისი-ვარშავის ავიარეისი ნომრით W6 1576 დაფრენილიყო ბუქარესტის აეროპორტში და საავიაციო უშიშროების ნორმების შესაბამისად ხომალდს ჩატარებოდა დამატებითი შემოწმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს „ვიზეარის“ რეისი W6 1576 ქუთაისი–ვარშავის მიმართულებით იძულებით დაეშვა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა.

როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით, საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში.

„ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი ხომალდიდან. ამჟამად შემოწმების პროცესი დასრულებულია. აღმოჩნდა ცრუ განგაში. თვითმფრინავი გადაყვანილია სადგომზე და მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა”, – აცხადებენ „აეროპორტების გაერთიანებაში“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: თუკი ევროპა აშშ-ს რაკეტებს განათავსებს, საპასუხო დარტყმის რისკის ქვეშ დადგება
შემდეგი სტატიაგორში გაუჩინარებულ 9 წლის გოგონას ეძებენ