ქურთების ლიდერი მსოფლიო თანამეგობრობას მიმართავს

თურქეთის ტერიტორიაზე არალეგალურად მოქმედი და თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული  ,,ქურთისტანის მუშათა პარტიის,,  (PKK) ამჟამინდელი ლიდერი  – მურატ კარაილანი აცხადებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ თურქეთს სიმართლე უნდა უთხრას შექმნილ სიტუაციაზე… თანამოძმე ქურთებს კი არწმუნებს,  რომ  გაერთიანების შემთხვევაში, მათ თურქეთის დამარცხება შეუძლიათ.

მურატ კარაილანმა, რომელიც თურქეთის მიერ აბდულაჰ ოჯალანის დაპატიმრების შემდეგ ხელმძღვანელობს PKK-ს,  20 იანვარს ინტერვიუ მისცა Sterk TV-ს, რომლის დროსაც თურქეთის მიერ აფრინის რეგიონში ოპერაციის დაწყებას შეეხო.

,,ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ მსგავს სიტუაციებს, რადგან 35 წელია ვებრძვით მათ. თურქული არმია ვერ შევა აფრინში, მაგრამ თურქები იბრძოლებენ, რადგან ისინი ბრძოლაში ხედავენ გადარჩენის გზას. თურქეთმა იცის, რომ არ იბრძოლოს, ყველაფერს დაკარგავს,, აცხადებს კარაილანი.

,,ჩვენ გვესმის თურქეთის შეშფოთება აფრინთან მიმართებაში, სადაც კოალიციას საკუთარი წარმომადგენლობა არ გააჩნია,, საერთაშორისო კოალიციაში აშშ-ს წარმომადგენლის ამ განცხადებას, მურატ კარაილანმა თურქეთისათვის მაპროვოცირებელი უწოდა.

,,მსოფლიოს უდიდესმა  ქვეყნებმა უნდა გაიგონ, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ვერ გადაწყდება თუ ქურთების საკითხი არ გადაწყდა. არ გახდება სირია დემოკრატიული ქვეყანა, თუ ქურთების საკითხი არ მოგვარდა. დროა, რომ ეს თურქეთსაც უთხრან. მათ დღემდე არ ჰქონდათ ამისი გამბედაობა, რომ ეს ეთქვათ თურქეთისთვის… მათ რა, ეშინიათ თურქეთის? არა არ ეშინიათ, რადგან ისინი ძლიერები არიან, მაგრამ თურქეთი მათ წინაშე ბევრ დათმობაზე მიდიოდა და თუ თურქეთს ამას ეტყოდნენ, ის უკვე დათმობებზე არ წავიდოდა. ახლა უკვე დადგა დრო, რომ თურქეთს უთხრან ,,კმარა, კმარა ეს რასიზმი,, თუ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები არ გახდებიან თურქეთის პარტნიორი ბინძურ საქმეში, თურქეთი ვერ შეშძლებს ქურთი ხალხის განადგურებას,, აცხადებს PKK-ს ლიდერი.

კარაილანმა პირდაპირ მიუთითა, რომ აფრინის ოპერაციას თურქეთი რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ დაიწყებდა… ,,ჩვენ ვეუბნებით მსოფლიო თანამეგობრობას, რომ მხარი არ დაუჭირონ ფაშისტებს რომლებიც ქურთებს ხოცავენ. მხარი დაუჭირეთ ქურთებს, რომლებიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძვიან. ჩვენ მივმართავთ რუსეთს და განსაკუთრებით პუტინს: თურქეთი აწარმოებს ქურთების გენოციდს და თქვენ არ უნდა გახდეთ ამისი ნაწილი.  თურქეთი მასობრივად ანადგურებს ქურთებს ქურთისტანში და ამას გააკეთებს აფრინშიც. აფრინში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ჩვენ ვიცით, რომ თურქეთი ვერ შეუტევს აფრინს, თუ თქვენ არ მისცემთ ამის უფლებას,,

,,აფრინის საჰაერო სივრცე კონტროლდება რუსეთის მიერ… და თუ იქ გამოჩნდებიან თვითმფრინავები თურქული დროშით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა გააგზავნა ისინი იქ. ქურთი ხალხი ამას სწორედ ასე გაიგებს,, აცხადებს თურქეთში მცხოვრები ქურთების ლიდერი.

კარაილანმა სხვადასხვა ქვეყნის ტერიტრიაზე მცხოვრებ თანამემამულეებსაც მიმართა და მათ მობილიზაციისკენ მოუწოდა.

,,ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ… სირიელი ქურთების გაჭირვების შემთხვევაში, ჩვენ მაყურებლის როლში ვერ დავრჩებით. ჩვენ როგორც ქურთისტანის თავისუფლების პარტიზანები, პასუხისმგებელნი ვართ ქურთისტანის დაცვაზე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მტერი არც ისე ძლიერია, რამდენადაც ხმნაურიანი და ჩვენ მისი დამარცხება შეგვიძლია. აფრინში მტერმა ისტორიული გაკვეთილი უნდა მიიღოს. მოვუწოდებ ქურთებს, ქურთ ახალგაზრდობას, მობილიზაციისკენ,, აცხადებს მურატ კარაილანი.

,,თაიმერი,,  / უცხოეთის ახალი ამბების სამსახური /

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ქართველი მამაკაცი მოკლული იპოვეს
შემდეგი სტატიაპროკურატურა ,,ენმ“-ის პოლიტიკური საბჭოს წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს