„ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის” 4 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის” ბრალდებულ დ.გ.-ს, დ.მ.-ს, თ.ბ.-ს და კ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მოქმედებენ „ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად“.

„2018 წლის მაისში დ.გ.-მ, რომელსაც სისტემატიური და აქტიური კავშირი ჰქონდა თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ თ.ხ.-სთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, მიმართა თ.ხ.-ს, რათა მას დ.გ.-სა და თ.ბ.-ს შორის არსებული ფინანსური დავა მისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და თ.ბ.-ზე გავლენის მოხდენის მიზნით ,,ქურდული გარჩევის“ გზით განეხილა და გადაეწყვიტა.

მას შემდეგ, რაც ,,კანონიერმა ქურდმა“ თ.ხ-მ დავა დ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა და ეს თ.ბ.-სთვის გახდა ცნობილი, მან არათუ აცნობა სამართალდამცავებს ამ მძიმე დანაშაულის შესახებ, არამედ, თავის მხრივ, „ქურდული გარჩევის“ გზით დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით მიმართა ასევე თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“ დ.ჩ.-ს. იგი აქტიურად მოქმედებდა რათა ქურდული სამყაროს სხვა წევრების მეშვეობით გამოენახა კავშირები „კანონიერ ქურდ“ თ.ხ.-თან „ქურდული გარჩევის“ მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამსონ ქუთათელაძის მეუღლე აცხადებს, რომ გამოძიება სწორად წარიმართა და ობიექტურ შედეგამდე მივიდა
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2008წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს