„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს

region
ავტ.: region დეკემბერი 5, 2020 10:37

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისა და სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, თბილისში ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1974 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.ხ.-სა და 1997 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, ჩადენილი ჯგუფურად.

დანაშაული შვიდიდან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბიზნესმენს – კ.მ.-ს, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ – ბორია აფაქელას სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დ.ხ. და ნ.ბ. ბიზნესმენს იარაღის დემონსტრირებით დაემუქრნენ, რომ მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ საქმის გარჩევის მიზნით.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მსხვერპლმა მათ მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 5 000 აშშ დოლარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის ჩხრეკისას, 5 000 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლიდან – ორი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ორი მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დაკავებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ წევრობას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჩადენილს ჯგუფურად.

region
ავტ.: region დეკემბერი 5, 2020 10:37

Google სტატისტიკა


5,155
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics