ქურდული მენტალიტეტი სკოლებში და განათლების სამინისტროს დუმილი – გივი მიქანაძის უწყებას ამ დრომდე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს საგანგაშო მდომარეობის შესახებ.
დილიდან “პირველები“ გორის მე-10 საჯარო სკოლაში აგორებული სკანდალის შესახებ გიყვებათ. თუ როგორ მოქმედებს იქ ე.წ მაყურებლის ინსტიტუტი, როგორ აბულინგებენ პედაგოგებს და როგორ არჩევენ სკოლის მოსწავლეები საქმეებს “ქურდული წესებით.“
უფლებდამცველები და განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ერთი სკოლის მაგალითია, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი, თუმცა ანალოგიური მდგომარეობაა სხვა სკოლებშიც.
მათი თქმით, მნიშვნელოვანია ამ სისტემურ პრობლემას კომპლექსურად მიუდგნენ საგანმანათლებლო უწყებები და იზრუნონ იმაზე, რომ ერთის მხრივ მოხდეს გადამზადება იმ მასწავლებელბის, რომლებსაც უწევთ მსგავს პრობლემებთან შეჯახება და მეორეს მხრივ კი, არსებობდეს კონკრეტული პროგრამები მოზარდებისთვისაც.
მოსწავლეები პირდაპირ პროპორციულად რეაგირებენ საზოგადეობაში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, აქედან გამომდინარე, ის დაძაბული ვითარება, რომელიც არის სახელმწიფოში, ბუნებრივია, აისახება მოსწავლეზე, ამიტომ, სახელმწიფო მუდმივად უნდა იყოს მზად, რომ გადაამზადოს მასწავლებლები, მისცეს მათ ის რეკომენდაცია, რომელიც პრაქტიკულ ცხოვრებაში, სიტუაციის მართვისთვის გამოადგებათ. არსებული სიტუაცია, სამწუხაროდ, ვერ გვაძლევს ამის საუკეთესო მაგალითს, – ამბობს განათლების ექსპერტი, მარიამ რამინაშვილი.
ცნობისთვის, გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი დაუჯერებელი ამბების შესახებ ყვება. ირმა ამბარდიშვილი ამტკიცებს, რომ სკოლაში სადაც 27 წელი ასწავლიდა, სრული განუკითხობა. მოსწავლეების ერთი ჯგუფი, თანაკლასელების ტერორზეა გადასული.
მისი თქმით, მოსწავლეები იმუქრებიან, რომ თუ გაკვეთილის ჩაშლაში მონაწილეობას ყველა არ მიიღებს, შემდეგ მათ ქუჩაში ე.წ ქურდული წესებით გაუსწორდებიან. მიდის პედაგოგების ბულინგიც. ყველაფრის საქმის კურსშია სკოლის ადმინისტრაციაც, მაგრამ არ რეაგირებს.



















