სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ 10 პირს, მათ შორის ცაგერის საკრებულოს დეპუტატ ლაშა ლეთოდიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარემ ბრალდებულების დარბაზიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. აღსანიშნავია, რომ ცაგერის საკრებულოს დეპუტატის ადვოკატმა სასამართლოში საკრებულოდან გაცემული დახასიათებაც კი წარადგინა. ლაშა ლეთოდიანი ცაგერის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით შევიდა, ამჟამად კი მოძრაობა „ხალხის ძალას“ წარმოადგენს.
საქმე ეხება მასშტაბურ სპეცოპერაციას, რომლის ფარგლებშიც ბრალი სულ 32 პირს წარედგინა, მათგან 29 დაკავებულია.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, რაც გულისხმობს „კანონიერ ქურდობას“, „ქურდული სამყაროს“ წევრობას, ამავე სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერასა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვას. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
















