ქურდული გარჩევაც თქვენ მხარეს მოიკითხეთ და სადისტობაც – ურთიერთბრალდებები ბიუროს სხდომაზე

TBC-ის საქმე და ეროვნული ბანკის სკანდალური განცხადება დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა, რომ სამშაბათს თიბისი ბანკის დამფუძნებლებთან ერთად ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ თიბისი ბანკის საქმე ივანიშვილთან გადაწყდა, ხოლო სასამართლომ მისი ნათქვამი ოფიციალურად დააფიქსირა.

„სასამართლო თიბისისთან დაკავშირებით შედგა ივანიშვილის შუშის სასახლეში და იმ ქურდული გარჩევის დროს 100-ით ნოლი დამარცხდა მამუკა ხაზარაძე და როცა იქ 100-ით ნოლი დამარცხდა, სასამართლოში, ბუნებრივია, 101-ით ნოლი მაინც უნდა დამარცხებულიყო არსებული ლოგიკიდან გამომდინარე. სამშაბათს, კიდევ ერთხელ განვიხილოთ ერთად ეს საკითხი, რა მოხდა, ვინ აძალებდა ეროვნულ ბანკს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ აქვს უკვე ნდობის ვოტუმი, რომ მან გააგრძელოს მუშაობა თავის პოსტზე, მას დარჩა 5 წელიწადი, ამ ნდობით, ამ რეპუტაციით, მას საქართველოს საბანკო სისტემის მართვა არ შეუძლია. როცა ვამბობდით ერთი კვირის წინ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არის მთავრობის განყოფილება, ძალიანაც ვცდებოდით, საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს გადაიქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ქვესტრუქტურად,“ – განაცხადა გოცირიძემ.

ოპოზიციის კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ უპასუხა და აღნიშნა, რომ შუშის სასახლეში მსგავსი საკითხები არ წყდება.

ოპონენტების საპასუხოდ გია ვოლსკი ამბობს, რომ აქციონერთა საბჭოზე გავლენას ვერავინ მოახდენდა.

„ასე შებრუნება თუ შეიძლებოდა საკითხის, რომ თურმე აქციონერთა საბჭოს შეეშინდა და საქართველოს სასამართლოში გამოიტანა საჩივარი, არა იმიტომ, რომ ხედავს, რომ რაღაც არ არის წესრიგში, არამედ იმიტომ, რომ თურმე რაღაც შუშის სასახლეების ხსენება და ძალიან გთხოვთ, დაანებეთ თავი. ქურდული გარჩევაც თქვენ მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც თქვენ მხარეს მოიკითხეთ, არაკომპეტენტურობაც და თავს გასულობაც და მითუმეტეს არ შეიძლება ყველაფრის ჩამოკიდება იმაზე, რასაც თქვენი პოლიტიკური ინტერესი ჰქვია, არსებობს სახელმწიფო ინტერესიც,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„თიბისი ბანკის“ თემა რომ უნდა დაიხუროს და მეტი მსჯელობა აღარ გაიმართოს, ამაზე ისაუბრა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, ეროვნული ბანკის და თიბისის ერთობლივ განცხადებაში სწორედაც აღნიშნულია, რომ საკითხი ამოწურულია და სპეკულაციები აღარ უნდა მოჰყვეს ბანკის თემას.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიას კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიციის სრული შემადგენლობა და უმრავლესობის წევრთა ნაწილი მხარს უჭერს
შემდეგი სტატიაივანიშვილის ინდულგენცია მურუსიძეს და კონსტიტუციის უგულებელყოფა კანონების მიღებისას – ოპოზიციის კითხვებს სვამს