„ქურდის სიტყვა კანონია“ – ბაჩო ახალაის წერილი ციხიდან

„ქურდის სიტყვა კანონია“ - ბაჩო ახალაის წერილი ციხიდანთავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი, ბაჩი ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქშიი“ პატიმარი ქმრის წერილს აქვეყნებს, რომელსაც „თაიმერი“ უცვლელად გთაზვაობთ:
„მანტიით შემოსილი „კანონიერი ქურდები“… – ეს არ არის ჩემი შთაბეჭდილება, რომელიც დღეს გამართულ მოსამართლეთა ბრიფინგის შედეგად მივიღე, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომელსაც მე უკვე კარგა ხანია ვხედავ და თვითონაც მშვენივრად ვგრძნობ. საკითხი სინამდვილეში ძალიან მარტივია – ეს არის ზუსტად ისეთივე მენტალიტეტი ჩვენი სასამართლოსი, როგორიც გააჩნდა წლების წინ ქურდულ სამყაროს. ამიტომაც ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო ტრანსფორმირდეს ხელშეუხებელ, მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ კასტად, რომელიც მხოლოდ სიმართლეს ემსახურება, ისინი ნელ-ნელა ყალიბდებიან „ქურდული მენტალობის“ ხროვად. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, უნდა გამოვიყენო ერთი ტერმინი, რომელიც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კარგად ახსოვს – „ქურდის სიტყვა კანონია“.

სინამდვილეში სასამართლოს სიტყვა მართლა კანონი უნდა იყოს, მაგრამ ის არა სიმართლის, არამედ ქურდულ სიტყვად იქცა. შეგახსენებთ, რომ მაშინ როცა ადამიანები სახელმწიფოსგან სიმართლის დადგენას ვერაფრით ახერხებდნენ, სწორედ რომ „კანონიერ ქურდებს“ მიმართავდნენ მტყუან-მართალის გასარჩევად. იქ საკითხი წყდება რამდენიმე ძირითადი პრინციპის მიხედვით: • მართალი იყო ის, ვინც უფრო ძლიერი იყო; • მართალი იყო ის, ვინც უფრო გადახდის უნარიანი იყო; • მართალი იყო ის, ვინც უფრო მეტად კრიმინალური წარსულის ან კავშირების იყო. აი, თითქმის სულ ეს იყო, სიმართლე არასდროს არავის აინტერესებდა. ქურდული ვერდიქტის გასაჩივრება კი ისევ იმ „კანონიერ ქურდებთან“ შეიძლებოდა, რომლებიც რაღაც სახის მეორე ინსტანციას წარმოადგენდნენ, ან უფრო მეტი რაოდენობით, ან უფრო მეტი ავტორიტეტით იქნებოდნენ წარმოდგენილი. ყველაზე გულისამრევი კი ისაა, რომ როგორც „ქურდის სიტყვა“ იყო კანონი, იმავე სტანდარტით არის დღეს სასამართლოს სიტყვა კანონი.

სასამართლოს გამოაქვს განაჩენები დაუსაბუთებლობის პირობებში, დღევანდელი სასამართლოს ვერდიქტი დამოკიდებულია იმაზე, თუ მხარის პოზიცია რამდენად გავლენიანია, რამდენად გადახდისუნარიანია, რამდენად უფრო მჭიდრო კავშირები აქვს მმართველ პოლიტიკურ სპექტრთან და ნამდვილი სიმართლე კი არავის აინტერესებს. აი ეს არის „ქურდული მენტალიტეტი“. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, უსამართლოდ დამნაშავედ გამოცხადებულს თურმე არც კრიტიკის უფლება აქვს, როგორც ადრე „ქურდული სიტყვის“ სამართლიანი კრიტიკისთვის ადამიანი უდიდეს რისხვას იმსახურებდა ამ ბნელი მენტალობის მხრიდან. სწორედ ის მოხდა დღეს, როცა მართალი ადამიანის მიერ საკუთარი სიმართლის დაცვის მცდელობას მოყვა სასამართლოს მხრიდან კოლექტიური შერისხვა. ისევე, როგორც თავის დროზე „ქურდული სხოდკის“ მიერ გამოტანილი განაჩენი სრულიად უსინდისოდ სულს უხუთავდა წესიერ ადამიანს, რომელსაც სწორედ რომ „დამნაშავედ“ მონათლავდნენ ქურდები, ასევეა დღესაც, როცა იგივე მენტალობით, იგივე უნამუსობის სტანდარტით, მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი „ქურდული მენტალიტეტის“ მქონე ადამიანები არგუმენტების, მტკიცებულებების გარეშე, ბინძური დაინტერესებიდან გამომდინარე დამნაშავედ აცხადებენ ადამიანს და ბოლოს იმასაც ეუბნებიან, რომ „ქურდის სიტყვა კანონია“ და ამის კრიტიკაც კი შეიძლება მხოლოდ შენი დამაზარალებელი იყოს. ისევე როგორც „კანონიერი ქურდები“ ყოველთვის იყვნენ დაინტერესებული მხარე ნებისმიერი დავის განხილვისას და არბიტრის სახელს მხოლოდ ძალმომრეობითი ბერკეტების მეშვეობით ინარჩუნებდნენ, ხელმძღვანელობდნენ სრულიად ამორალური პრინციპებით და გამოჰქონდათ განაჩენი, რომელიც აპრიორი წინააღმდეგობაში მიდიოდა სიმართლესთან, სწორედ ასეთივე ქურდული ლოგიკით მოქმედებს დღეს სასამართლო.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ „ქურდული მენტალიტეტი“ – ეს არ იყო საერთო საზოგადოებრივი კონტექსტიდან ამოვარდნილი ფენომენი და ბუნებრივიცაა, რომ მის უფრო საშინელ გამოვლინებას დღეს ვაწყდებით სასამართლოში. საზოგადოების, კანონის თუ სახელმწიფოს სახელით უსამართლობის დაკანონება – აი, ეს არის „ქურდული მენტალიტეტი“. ამას აკეთებდნენ 90-იან წლებში „კანონიერი ქურდები“, დღეს ამას აკეთებს სასამართლო, ისინი ამას აკეთებდნენ ქუჩებში, ესენი – დარბაზებში. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვყავს მანტიაში გამოწყობილი „კანონიერი ქურდები“ და ამ ფენომენის საბოლოო მოშთობა აუცილებელია, ქუჩაში იქნება ეს თუ შენობის დარბაზში. სამწუხაროდ როგორც ჩანს ეს საქმე ჯერ კიდევ დასასრულებელია.

ბაჩო ახალაია 10.12.2015

banner
წინა სტატიაშიმმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტი შესაძლოა არაკონსტიტუციური იყოს
შემდეგი სტატიაპენსიების მატებასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება