ქსნის ციხის “მაყურებლები” ომბუდსმენის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებს, აგრესიულმა პატიმრებმა ხმის მიცემის პროცესზე დაკვირვების საშუალება არ მისცეს და თავს დაესხნენ.

​განცხადებას ნინო ლომჯარია ავრცელებს და ციხეებში კრიმინალური სამყაროს გავლენებზე საუბრობს:

ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს რამდენიმე აგრესიულმა პატიმარმა პატიმრებთან გასაუბრების და ხმის მიცემის პროცესის დაკვირვების საშუალება არ მისცეს – “საქართველოს სახალხო დამცველი არაერთი წელია აღნიშნავს, რომ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებობს კრიმინალური სუბკულტურის პრობლემა, რაც ხშირად პატიმართა ჩაგვრისა და მათი უფლებებით სარგებლობის შეზღუდვის მიზეზია.

პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის განსაკუთრებული უარყოფითი მოვლენაა ის, რომ გარკვეული მცირე რაოდენობის გავლენიანი პატიმრები – ე.წ. „მაყურებლები“ – უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს დაწესებულებაში სხვა პატიმრების დაშინებითა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით.

ვიზიტის დასაწყისში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ სცადეს არჩევნებში მონაწილე მსჯავრდებულებთან გასაუბრება მსჯავრდებულების საცხოვრებელი ტერიტორიისგან განცალკევებულ ადგილზე, სადაც მოწყობილი იყო საარჩევნო უბანი, მათ მიუახლოვდა ორი მსჯავრდებული და ხმამაღალი ტონით, სხვა მსჯავრდებულების გასაგონად უთხრეს, რომ პენიტენციურ სისტემაში 2012 წლის შემდეგ ყველაფერი კარგად იყო და არაფერი შესამოწმებელი არ იყო. შესაბამისად, კატეგორიულად მოსთხოვეს ვიზიტის შეწყვეტა. მცირე დროში მათ შემოუერთდა რამდენიმე მსჯავრდებული და მსჯავრდებულების მხრიდან დაძაბული საუბარი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მსჯავრდებულებისთვის არ მოუწოდებიათ შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება.”- წერს ნინო ლომჯარია

banner
წინა სტატიაშისამი საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 36.45% შეადგინა
შემდეგი სტატიამელია: მოგმართავთ მხარდამჭერებს, მოდით გლდანის შტაბში, მშვიდობიანად დავიცვათ ხმები