ქრთამის აღების ფაქტზე სუს-მა მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი – ოთარ აბესაძე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. გარდა ამისა, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონებისა და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის რეგიონში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი წარადგინა