“ქრისტიანობა არ ნიშნავს მხოლოდ მის სიტყვიერ დეკლარირებას, არამედ ნიშნავს ცხოვრებაში მის განხორციელებას”

ქრისტიანობა არ ნიშნავს მხოლოდ მის სიტყვიერ დეკლარირებას, არამედ ნიშნავს ცხოვრებაში მის განხორციელებას; ამას კი სჭირდება მაღალი განათლების მქონე სასულიერო (და საერო) პირები, ღვთისმეტყველნი, მეცნიერნი, მქადაგებელნი, რომელთაგან, თავის მხრივ, ეს ცოდნა და მაღალი, ღრმა სულიერი განათლება მიეწოდება დანარჩენ საზოგადოებას, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა.

“ისეთ რეალობაში, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ვითარდება იმ განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვის ხაზით, რომელიც დასავლურ სამყაროსთან დაახლოებაზე გადის (ევროპა და აშშ), რაშიც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მჭიდრო თანამშრომლობას იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლებიც აღნიშნულ სივრცეში არსებობენ და არა მხოლოდ არსებობენ, არამედ ვითარდებიან კიდეც და საუკეთესონი და მოწინავენი არიან მსოფლიოს მართლმადიდებლურ საგანმანათლებლო სივრცეში.

არც თუ შორეულ წარსულში ჩვენი წინაპრები, მათ შორის, მომავალი სასულიერო პირები (მღვდლები, მღვდელმთავრები, პატრიარქები), განათლებას ეუფლებოდნენ ყაზანის, კიევის, მოსკოვის სასულიერო სასწავლებლებში, მაგრამ დღეს ჩვენ ახალ რეალობაში ვცხოვრობთ, ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ და ახალი თვალით უნდა შევხედოთ ყოველივეს, ჩვენი ხედვის და შესაძლებლობების არეალი უნდა გავაფართოვოთ, ჩვენი აზროვნება უფრო ფართო ჰორიზონტზე უნდა გაიშალოს, რათა უკეთ დავინახოთ ჩვენი თავი, ვინ ვართ და რანი ვართ, რა მიმართულებით და როგორ უნდა ვიმოძრაოთ ისე, რომ ვერაფერმა დაგვამარცხოს და დაგვცეს ძირს.

ჩვენ ვლოცავთ ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიის პრეზიდენტს, მის მაღალღირსებას, დეკანოზ ჩად ჰეტფილდს და მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით მივართმევთ ძღვნად გამოგზავნილ გამშვენებულ სამკერდე ჯვარს”, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

banner
წინა სტატიაში“ვფიქრობ, ინვესტიციების მოზიდვაში საპატიო კონსულის ინსტიტუტი უფრო დაგვეხმარება, ვიდრე ეკონომიკური დესპანი”
შემდეგი სტატიაგერმანიამ თურქეთის გადაწყვეტილება სტამბოლის არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ გააკრიტიკა