“ქორწინებაზე საკონსტიტუციო ჩანაწერი “ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაა და „ოცნებას“ აქვს ვალდებულებაც, დაპირება შეასრულოს”

ქორწინების შესახებ ჩანწერის კონსტიტუციაში შეტანა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო და „ოცნებას“ აქვს ვალდებულებაც, უფლებაც, რომ ეს დაპირება შეუსრულოს ამომრჩეველს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ეთერში განაცხადა.

“პოზიცია ამ საკითხზე დაფიქსირებული მაქვს და ეს საკითხი ჩაწერილია სამოქალაქო კოდექსში. ამავე დროს, „ქართულმა ოცნებამ“ მაშინვე დააანონსა, რომ თუ ექნებათ საკონტიტუციო უმრავლესობა, ამ ჩანაწერს შეიტანენ კონსტიტუციაში. ეს იყო მათი საარჩევნო დაპირება. მე მიმაჩნია, რომ „ოცნებას“ აქვს ვალდებულებაც და უფლებაც, რომ ეს დაპირება შეუსრულოს ამომრჩეველს. აქ წინააღმდეგობრივს მათთან მიმართებაში ვერ ვხედავ. ზუსტად იგივე ჩანაწერი არსებობს სამოქალაქო კოდექსში. თუ დანახვადია აქ ჰომოფობიური ტენდენციები, წლების განმავლობაში ეს უნდა დაგვენახა სამოქალაქო კოდექსში. ჰომოფობიის ნიშნით არავის გაუპროტესტებია კოდექსი. თუ ეს ქვეტექსტი არსებობდა, რატომ არ მოხდა ამ ქვეტექსტზე მინიშნება მაშინ, როდესაც წლებია, მიღებული გვაქვს სამოქალაქო კოდექსი. რატომ არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა ამის გაპროტესტება. აპრიორი ეს ნიშნავს, რომ არც თემა არსებობს, არც მისი გაპროტესტების საკითხი“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ამ თემაზე რეფერენდუმის დანიშვნას, როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, პოზიცია რეფერენდუმთან მიმართებაშიც გამოხატა.

„ტექნიკურად გასასწორებელია რეფერენდუმის დანიშვნის საკანონმდებლო ჩანაწერი, რათა ნებისმიერ საკითხზე არ დავნიშნოთ რეფერენდუმი. რეალურად, კონსტიტუციაში ადის მარტო განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხები. შესაბამისად, მე მაშინაც მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის გარკვეული შტრიხია და ნაწილია“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ჩემს ირგვლივ ფაქტობრივად ყველა ჩემი ნაცნობი ეძებს სამსახურს
შემდეგი სტატიაჟირინოვსკი ურჩევს სააკაშვილს რუსეთში წავიდეს საცხოვრებლად