ქორწილის, ნათლობის, იუბილეს, ქელეხის გადახდის მიზნით და სხვა თავყრილობის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქორწილების გადახდაზე, ასევე სხვა სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორიც არის ნათლობა, იუბილე, შეზღუდვები 15 ივლისამდე მოქმედებს.

შესაბამისად, ოხანაშვილი საზოგადოებას შეახსენებს, რომ ქორწილის, ნათლობის, იუბილეს, ქელეხის გადახდის მიზნით, 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება გამოყენებული.

„ფიზიკური პირის მიმართ 2000 ლარიანი ჯარიმა, ყველა იქ მყოფი პირის მიმართ, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 ათას ლარიანი ჯარიმა“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, ხსენებული სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შეიკავონ.

„რაც შეეხება შემდგომ სიტუაციას, პანდემიის სიტუაცია სტატისტიკურად, საერთაშორისო გამოცდილება, რეგიონში არსებული მდგომარეობა რას გვიჩვენებს, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, 15 ივლისის შემდეგ როგორი რეგულაციები იქნება სოციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

პირბადის ტარება კი მოგვიწევს პანდემიის ფარგლებში და ეპიდემიის ფარგლებში, თუმცა ეს სიტუაცია თუ კარგად იქნება ადმინისტრირებული და კონტროლს დაქვემდებარებული საქართველოში, შესაძლებელია, პანდემია ზოგადად იყოს გამოცხადებული, თუმცა ეს წესი ჩვენ არ დაგვჭირდეს და გავაუქმოთ კიდეც, პირობითად სექტემბერში, ვნახოთ “,- განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაჯარო სამსახურში დისტანციური მუშაობის შესახებ რეკომენდაცია ძალაში რჩება
შემდეგი სტატიაგლდანის ხევის N6-N6 ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს