ქორწილებისა და ქელეხების აღსაკვეთად შრომის ინსპექციას ახალი უფლებამოსილება მიენიჭა

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. შრომის ინსპექციას ხალხმრავალი ღონისძიების გამართვის პრევენციის უფლება ეძლევა.

აქამდე მოქმედი რეგულაციით, ინსპექციას ჯარიმის გამოწერის უფლება ქელეხის, ქორწილის, იუბილისა და სხვა სახის შეკრების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ჰქონდა, ახალი დადგენილებით კი ინსპექციას უფლება აქვს რეაგირება დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ღონისძიების გამართვამდე მოახდინოს.

რეაგირება გულისხმობს ობიექტის ან მასობრივი ღონისძიებებისთვის საჭირო ნივთების, მაგალითად, აუდიოაპარატურის დალუქვას.

დადგენილების თანახმად, „შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის ან/და ნივთის (მათ შორის ობიექტის ან მასზე არსებული კონკრეტული ადგილის, აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება, რომლებიც უშუალო კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან) გამოყენება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამართვისას განმეორებით კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის/ნივთის გამოყენება და გადასცეს საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყების მიზნით. დაუშვებელია ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა“.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ ათეულობით ობიექტი დააჯარიმა.

შეზღუდვებით, რომელიც დღეიდან ამოქმედდა:

ჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტი (შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს);
სრულად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით;
იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
კვების ობიექტები ნაცვლად 00:00 საათისა იმუშავებენ 23:00 საათამდე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- მთავრობის გეგმაა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს
შემდეგი სტატიადღეიდან 4 სექტემბრამდე დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს