ქობულეთში „ურანის“ გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ – დაკავებულია ორი პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა „ურანის“ გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს “ურან-238”-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

banner
წინა სტატიაშინინო გოგუაძე : ყველა ზომას ვატარებთ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად
შემდეგი სტატიაირაკლი კვარაცხელიას ცხედრის დროულად გადმოცემის საკითხზე მუშაობა დაწყებულია