ქობულეთში ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრებს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მათ უკვე „გადატანილი“ აქვთ

ქობულეთში ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრებს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მათ უკვე „გადატანილი“ აქვთ კორონავირუსი და გამოიმუშავეს იმუნიტეტი ვირუსის მიმართ. ამის შესახებ „აჭარის მაუწყებელი“ წერს.

ამჟამად მათ კორონავირუსი არ აღენიშნებათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი თვითიზოლაციასი იმყოფებიან და 14 დღის შემდეგ ტესტი კიდევ ჩაუტარდებათ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის განმარტებით, ანტისხეულების არსებობა ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს შემხებლობა ჰქონდათ ვირუსთან და უკვე გამოიმუშავეს იმუნიტეტი.

„როდის გამოიმუშავეს იმუნიტეტი ამის დადგენა გარკვეულწილად შესაძლებელია. ანტისხეულები არის სხვადასხვა ჯგუფის და ანალიზით ჩვენ შეიძლება ვთქვათ, როდის არის გადატანილი ვირუსი“.

ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ეს შიდა გადაცემის ირიბი მაჩვენებელია.

„დაუდასტურებელ შემთხვევებში იმუნოგლობულინების გამომუშავება ნიშანია იმისი, რომ მოქალაქეს ჰქონდა შეხება ამ ვირუსთან და ის თეორიულად შესაძლებელია იყოს გამავრცელებელი ამ ვირუსის.

ეს კიდევ ერთხელ ერთგვარი ირიბი მაჩვენებელია შიდა გადაცემის. ისინი შეიძლება იყვნენ ასიმპტომურები, ან ძალიან მსუბუქი სიმპტომატიკით გადაიტანეს დაავადება, ახლა კი არიან გამავრცელებლები.

იანვარში რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, რაღაც აუხსნელი ვირუსის, მაგრამ სერიოზული მსჯელობა ახლა უკვე შეუძლებელია.

ვარაუდები იყო, თუმცა დადასტურებულად თქმა, რომ საქართველოში კორონავირუსი ადამიანებს იანვარში უკვე ჰქონდათ რთულია” – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ ერთადერთი საკითხი, რაც ღიად არის დარჩენილი ისაა, რომ კომენდანტის საათის პირობებში მრევლმა არ დაარღვიოს დაწესებული შეზღუდვები
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: მთავრობის განცხადება 3 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ არის ტყუილ-მართლის ნაზავი