ქობულეთში ბაზის ნაკბენით მამაკაცი გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ შუაღელეში 57 წლის მამაკაცი ბაზმა დაკბინა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვებიან, რომ მამაკაცი ნალიაში ავიდა, სადაც ბაზებს ბუდე ჰქონდათ გაკეთებული. უკან ჩამოსულმა კი თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. მწერმა მას რამდენიმე ადგილას უკბინა.

სოფელში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, თუმცა მედიკოსების მისვლამდე მამაკაცი დაიღუპა.

ბოლო პერიოდში მოქალაქეები საცხოვრებელი სახლების ახლოს, ბაზების სიმრავლეს უჩივიან. გახშირდა დაკბენის შემთხვევებიც.

მოსახლეობა მწერს საკუთარი ძალებით ებრძვის. გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ სოფელში, თითქმის ყველა ეზოში აქვს ბაზებს ბუდე, რაც ძალიან საშიშია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქობულეთის მერიას დაუკავშირდა, უწყებაში აზუსტებენ ბაზების შესაწამლად თუ მოქმედებს რაიმე ტიპის პროგრამა და რამდენად ხელმისაწვდომია ის მოქალაქეებისთვის.

რამდენიმე კვირის წინ, შუახევის ერთ-ერთი სკოლის ეზოში ბაზმა მოსწავლე თავის არეში დაკბინა. მას სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაუწიეს. ცნობილია, რომ ბაზის ნაკბენი საგანგაშოა ალერგიული ადამიანებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის პორტის ორი ახალი ინვესტორი ოფიციალურად დღეს დასახელდება
შემდეგი სტატიაBAG შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს – რას ითხოვს ბიზნესი