ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ემერჯენსის განყოფილებაში ინციდენტი მოხდა.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ და კლინიკის ინვენტარი დააზიანეს.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე ორი მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ქობულეთისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები არიან. ისინი უკვე გადაყვანილები არიან წინასწარი დაკავების იზოლატორში.
კლინიკის დირექტორის, ლაშა რომანაძის განცხადებით, აღნიშნული პირები სამედიცინო დაწესებულებაში პირველადი დახმარების მისაღებად შევიდნენ. მისი თქმით, ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, უარი განაცხადეს მედპერსონალის მიერ გაწეულ დახმარებაზე, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.
დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ კლინიკის თანამშრომლები. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელსა და მედპერსონალს მრავლობითი დაზიანებები დაუდგინდათ. პოლიციამ კლინიკის თანამშრომლები უკვე გამოკითხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.















